მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"[ბაზისბანკის მიერ ლიბერთის ყიდვა] კონკურენციის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია" - ასოციაცია

ძნელაძე

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთის" ყიდვა კონკურენციის და ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს სიდიდით მეოთხე ბანკმა - "ბაზისბანკმა" ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის Hunnewel Partners-ისგან "ლიბერთი ბანკის" აქციათა საკონტროლო - 95.99% შეიძინა. ალექსანდრე ძნელაძე ამბობს, რომ რთულია დაკონკრეტება, რა ვადა დასჭირდება ორი ბანკის გაერთიანებას.

"მოლაპარაკება შედგა, ყველა საკანონმდებლო მოთხოვნა შესრულებულია და ბაზისბანკმა იყიდა ლიბერთი ბანკი და როგორც უკვე ცნობილი გახდა, აღნიშნული ბანკების გაერთიანებაც უმოკლეს ვადაში მოხდება.

დღეის მდგომარეობით, მომხმარებლებს ჯერჯერობით მოემსახურება ის ბანკი, რომელ ბანკშიც აქვთ მათ ანგარიში, ანუ თუ ლიბერთი ბანკის მომხმარებელია, ლიბერთი ბანკში მოემსახურებიან, თუ ბაზისბანკის მომხმარებელია, მოემსახურება ბაზისბანკი. როდესაც ეს გაერთიანება დასრულდება, ამ დეტალებზეც თვითონაც განაცხადებენ და ჩვენც მოგცემთ კომენტარს, დღეის მდგომარეობით ორივე ბანკი აგრძელებს ფუნქციონირებას და ემსახურება საკუთარ მომხმარებელს.

დღეს რთულია ამაზე საუბარი, რა ვადა დასჭირდება ამ ორი ბანკის გაერთიანებას, იქიდან გამომდინარე, რომ ორი უმსხვილესი ბანკის გაერთიანებაზე არის საუბარი და შემდგომში ჩვენ ვიხილავთ მესამე უმსხვილეს ბანკს ბაზარზე. როგორც არაერთხელ გვაქვს ხოლმე საუბარი, ორი უმსხვილესი ბანკი იყო აქამდე და დღეის მდგომარეობით იქნება სამი უმსხვილესი კომერციული სტრუქტურა ამ სისტემაში. კონკურენციის კუთხით მსხვილი ბანკების ჭრილში მიემატება კიდევ ერთი მსხვილი ბანკი, ასე ვთქვათ მსხვილი მომხმარებლებისთვის, კორპორატიული მომხმარებლებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება, მეტი კონკურენცია იქნება ამ კუთხით, კონკურენციის განვითარებისთვის და ეკონომიკის განვითარებისთვის აღნიშნული ალბათ უნდა მივიჩნიოთ და ცალსახაა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

მომხმარებლებისთვის ეს გაერთიანება ასე პირდაპირ ძალიან რთულია, რომ რაიმე კონკრეტულ ან პროცენტებს მივაბათ ან რაიმე პროდუქტებს მივაბათ, მაგრამ ცალსახაა რომ ამ გაერთიანების შემდეგ ამ ბანკს ექნება ამბიცია, რომ კიდევ უფრო ინოვაციური იყოს და ახალი პროდუქტები და ახალი მომსახურებები შესთავაზოს მომხმარებელს. მათი გაერთიანებით უფრო მეტი შესაძლებლობა მიეცემა უფრო მსხვილ ბანკს მოემსახუროს იმ კლიენტთა ბაზას, რომელსაც დამოუკიდებლად აქამდე ვერ ემსახურებოდა, იქიდან გამომდინარე რომ დიდი მოთხოვნა ჰქონდათ, ანუ მსხვილ კლიენტებზე არის საუბარი და ასევე შესაძლებლობების კუთხით, რომ ანუ რეალურად ჩვენ ვიხილავთ მესამე უმსხვილეს ბანკს, რომლის შესაძლებლობებიც იგივე იქნება საფასო კრიტერიუმებთან მიმართებაში თუ ინოვაციური გაციფრულების სხვადასხვა პროდუქტების შეთავაზების კუთხით, ახალი პროდუქტების შეთავაზება. ბაზისბანკს აქვს ასევე სადაზღვეო მიმართულებაც და ამ მიმართულებითაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა იქნება რომ განვითარდეს. სექტორში იქნება მესამე მსხვილი მოთამაშე, რომელიც კიდევ გააჩენს ახალ შესაძლებლობებს",- ამბობს ძნელაძე.

მას ასევე ჰკითხეს შეფასებაზე, რომლის თანახმადაც „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვით „ლიბერთი“ სასანქციო რისკიდან გამოვიდა: "სანქციებთან დაკავშირებით ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ, რომ ეს არის ვარაუდი რომელთან მიმართებაშიც ვერ გაგცემთ ამომწურავ პასუხს.

რაც შეეხება მფლობელების კუთხით, ეს არის საქართველოში მოქმედი, საქართველოში ლიცენზირებული ბანკი, რომელიც იმუშავებს და იმოქმედებს საქართველოს როგორც მარეგულირებლის რეგულაციებით, ასევე იმ საკანონმდებლო მოცემულობით, რაც არის და ამ თვალსაზრისით ვერც საფრთხეს ვერ ვხედავ და პირიქით შესაძლებლობა არის. საქართველოში ლიცენზირებული 19 ბანკიდან 18 ბანკის მფლობელები არიან საერთაშორისო ორგანიზაციები ან არარეზიდენტი პირები. ამ თვალსაზრისით პირიქით, რაც უფრო ინკლუზიური იქნება აქციონერების სტრუქტურა მით მით უფრო კარგი არის ჩემი აზრით", - განაცხადა ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები