მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ მცირდება სასტუმროების სექტორის დაკრედიტება - საბანკო ასოციაციის შეფასება

hotel

საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ სასტუმროების სექტორის დაკრედიტების კლება ბანკების მხრიდან მიდგომების გამკაცრებას ნაკლებად უკავშირდება.

ასოციაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამისი მიზეზი სავარაუდოდ, თავად დარგის წარმომადგენლების მხრიდან საკრედიტო რესურსზე მოთხოვნის შემცირებაა.

საქმე ისაა, რომ სასტუმროებისა და ტურიზმის სექტორის დაკრედიტება არ იზრდება. ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში სექტორზე გაცემულმა საკრედიტო პორტფელმა 3.02 მილიარდი ლარი შეადგინა. მაშინ როდესაც შარშან ანალოგიურ პერიოდში ტურიზმის დარგზე გაცემული სესხების მოცულობა მცირედით მეტი, 3.04 მილიარდი ლარი იყო.

როგორც ასოციაციის ალექსანდრე ძნელაძე BMG-სთან ამბობს, არსებული რეგიონული გამოწვევები და არასტაბილურობა პირველ რიგში, ნეგატიურად სწორედ სასტუმროების და ტურიზმის სექტორზე აისახება. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ სექტორის მხრიდან ფინანსურ რესურსზე მოთხოვნაც შენელებულია.

“ტურიზმის სექტორი აღმოჩნდა ყველაზე მოწყვლადი იმ ყველა გამოწვევის წინაშე, რაც 2020 წლიდან დაიწყო. შესაძლებელია დადებითი ეფექტიც ჰქონოდა გარკვეულ ეტაპებზე [ამ გამოწვევებს], მიუხედავად ამისა, მოლოდინების ცვლილებამ და გამოწვევის გამძაფრებამ შეიძლება დიდი გავლენა მოახდინოს, მათ შორის ჯავშნების გაუქმებაზე დროებით ან ცოტა უფრო საშუალოვადიან პერიოდზე. მგონია, რომ რაღაც პერიოდში ესეც გადალაგდება და მოერგება [სექტორის] იმ ვითარებას რაც არის.

ვერ გეტყვით, რომ აქეთა [ბანკების] მხრიდან არის უფრო ნაკლები ფულის მიწოდება, მოთხოვნაა ნაკლები. აქ არ დამდგარა ის საკითხი, რომ ითხოვს ეს სექტორი სესხს და ვერ იღებს. თუ დეველოპმენტში იდგა ყოველთვის საკითხები, რომ რაღაც შეზღუდვები ხელს უშლიდა სესხის აღებას ან სესხის მიცემას, აქ არ ყოფილა დღის წესრიგში ეს საკითხი.

ვერ ვიტყვით, რომ დაფინანსებაში არის პრობლემები ან რაიმე ხისტი მოთხოვნები არის, რომელმაც შეზღუდა [სასტუმროებზე სესხების] გაცემა, არ არის ასე. თუ პორტფელი არ იზრდება, რა თქმა უნდა, ეს [უმოქმედო სესხების] წილიც გაიზრდება, იმიტომ რომ ვინც კარგად იხდის, ის სესხები იფარება და ვინც ვერ იხდის, ის არ იფარება, ამიტომ ეს ლოგიკურია”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები