საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, რომ ეროვნულ ბანკთან ბარათით გადახდებში „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ (Smart Routing) წესის დანერგვის მიმართულებაზე მუშაობა გრძელდება.
საქმე ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა გამოსცა ახალი ბრძანება, რომელიც „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ (Smart Routing) დანერგვის, მონიტორინგისა და აღსრულების წესებს განსაზღვრავს. კერძოდ, "ჭკვიანი მარშრუტიზაცია" ეს არის ალგორითმული მეთოდი, რომელიც ტერმინალზე ბარათით გადახდის მომენტში ავტომატურად ირჩევს ტრანზაქციის განხორციელების ყველაზე ოპტიმალურ გზას.
როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე BMG-სთან აცხადებს, კომერციული ბანკები სებ-ს სქემებს წარუდგენენ, თუ როგორ გეგმავენ „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ რეგულაციის მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მისი თქმით, მარეგულირებელთან კონკრეტული სქემების შეთანხმების შემდეგ გახდება ცნობილი, რა ფორმით დაინერგება პრაქტიკაში საგადახდო მომსახურებაში ახალი ნორმები.
„ამ ეტაპზე ეროვნულ ბანკთან საკითხზე კვლავ ვმუშაობთ. ბანკებს უკვე უნდა წარედგინათ შესაბამისი სქემა, რომლის მიხედვითაც ფიქრობენ, რომ აღნიშნულის მოგვარებას შეძლებენ და შემდეგ მოხდება კომუნიკაცია, რომ [მათ მიერ წარდგენილი სქემა] რამდენად იმ მიზანს ემსახურება, რაც [ეროვნულ ბანკს აქვს] და მის მოთხოვნებში ჯდება. თქვენ იცით, რომ გაცხადებული მიზანი არის, რომ რა აპარატურაც არ უნდა იდგეს ნებისმიერ საგადახდო ობიექტზე, სადაც [ბარათით] გადახდა უნდა განხორციელდეს, ამ აპარატმა ყველაზე კარგი არხით გადახდა უნდა უზრუნველყოს და არ ექნება აპარატის, ამ ინფრასტრუქტურის მფლობელს უარის თქმის საშუალება.
ეს კარგად ჟღერს, ძალიან კარგად ისმინება, უბრალოდ ვინ თქვა, რომ დღეს არ არის ეს ასე? ანუ რა არის ცვლილება თვითონ შინაარსობრივად? რომ მკითხოთ, დღეს არის თუ არა ეს ასე, მე გაგცემთ პასუხს, რომ კი არის ასე დღესაც. ოღონდ იქ არის გარკვეული პრობლემები, რომელზეც საუბრობენ. მაგალითად, რამდენიმე პოსტერმინალი რომ დგას და ა.შ. დაველოდოთ კიდევ ერთი-ორი კვირა და უფრო მეტი [გვეცოდინება]”, - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, „ჭკვიანი მარშრუტიზაციის“ ინიციატივას წინ უსწრებდა პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის პირველადი სახე, რომლითაც პოსტერმინალით გადახდის მაქსიმალურ საკომისიოდ გადახდის ღირებულების 0.5% განისაზღვრებოდა (ამჟამად საშუალოდ 1-1.5%-ია), თუმცა ეს პროექტი შეიცვალა და საკომისიოს ლიმიტის დაწესების ნაცვლად განისაზღვრა, რომ აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ჭკვიან მარშრუტიზაციაზე, რომელიც საგადახდო პროვაიდერის სისტემაზე დაშვების ვალდებულებას აწესებს.
ამასთან განსაზღვრავს, რომ პროვაიდერმა არ შეიძლება სხვა პროვაიდერის სისტემის ბარათებს დაუწესოს მომსახურების უფრო მაღალი საკომისიო, ვიდრე ეს თავად მის სისტემაში არის გათვალისწინებული. სისტემას ევალება აირჩიოს გადახდის ის არხი, რომელიც ყველაზე სწრაფი და დაბალი საკომისიოსი იქნება.




























