მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ლიბერთი ბანკი" სასანქციო რისკიდან გამოვიდა" - რომან გოცირიძის შეფასება

რომან გოცირიძე

სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის რომან გოცირიძის შეფასებით, „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთი ბანკის“ შესყიდვით „ლიბერთი“ სასანქციო რისკიდან გამოვიდა. მარეგულირებელი ორგანოს ყოფილი ხელმძღვანელი ამ გარიგებაში გარკვეულ რისკებს ხედავს, რაც მისი აზრით, საქართველოში ჩინური ბანკის ოპერირებას ეხება.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „ლიბერთი ბანკის“ გაყიდვა არანაირი პრობლემა არ იქნებოდა და პირიქით, მისასალმებელია, ვინაიდან ის რისკის ქვეშ იყო მოქცეული: „მას ემუქრებოდა სანქციები, მაგრამ პრობლემა არის სხვადასხვა საკითხში, ვინაიდან იგი იყიდა ჩინურმა „ბაზისბანკმა“, - აცხადებს ის და განმარტავს, რა რისკებს ხედავს ამ ტრანზაქციით:

„ის, რომ ნებისმიერ ქართულ ბანკს ეყიდა ან ნებისმიერ უცხოურ ბანკს, არ იქნებოდა პრობლემა და არც ჩინური ბანკის საქმიანობაა პრობლემა საქართველოში, პირიქით, ეს ბანკი თავის სეგმენტში მუშაობდა ნორმალურად და ამ შემთხვევაში არავითარ რისკებს არ წარმოადგენდა. ის საქართველოს საფინანსო სისტემის ერთ-ერთი ორგანული ნაწილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ სხვა რეალობასთან გვაქვს საქმე.

ლიბერთი ბანკი“ ის ბანკია, სადაც 1.6 მილიონ ჩვენს მოქალაქეს, პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველს და მათ ოჯახებს, განურჩევლად ასაკისა, ბავშვები იქნება თუ მოხუცები, პენსიონერები იქნებიან თუ არა პენსიონერები ანგარიშები აქვთ, რაც ამ ბანკის, ასე ვთქვათ, კონტროლქვეშ იქნება.

რა თქმა უნდა, პირდაპირი საფრთხის შესახებ საუბარი ცოტა ნაადრევია, ვინაიდან ეს არის ჩინური კერძო კომპანია, მაგრამ ტიკ-ტოკიც“ იყო ჩინური კერძო კომპანია, რომელიც იძულებით გააყიდინეს ამერიკაში და დღეს ამერიკულ ტიკ-ტოკს უკვე სხვა კომპანია და არა ჩინელები ფლობენ, ვინაიდან აქ იყო ძალიან დიდი საფრთხე პერსონალური მონაცემების სხვადასხვა მიზნით გამოყენებისა. ხოლო ლიბერთი ბანკში“ 1.7 მილიონი კლიენტი, ჩვენი მოქალაქედარეგისტრირებული, გარდა პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისა, იქ ასევე სხვა კლიენტებიც არიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სახის მონაცემები - ტელეფონები, მისამართები, ელექტრონული ფოსტა, ფოტოც კი, ვინაიდან იქ ვიზუალური ავტორიზაციაც ხდება და ასევე სხვა ინფორმაცია, ანუ საქართველოს მოსახლეობის 42%-ის შესახებ პერსონალურ ინფორმაციას დღეს უკვე ჩინური ბანკი ფლობს. რაც, რა თქმა უნდა, სულაც არ არის სასიამოვნო“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

მისი შეფასებით, ირაკლი რუხაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად „ლიბერთი ბანკიც“ მოიცილა და „გაიქცა“. ის ასევე ამბობს, რომ Hualing ჯგუფში შემავალი „ბაზის ბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენა ჩინური ჰოლდინგის ყველაზე დიდი ინვესტიციაა საქართველოში.

„ხოლო, რაც შეეხება რუხაძის სხვა ბიზნესებს, როგორიც არის მეტალურგია, ცემენტი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ივანიშვილთან ერთად, ის აქ ბევრ ბიზნესებს ფლობს და როგორც ჩანს, ნელ-ნელა, რაღაც სფეროებიდან აპირებს გასვლას, მაგრამ ბანკი, ეს იყო ის, საიდანაც ვერანაირ სანქციებს ვერ აიცილებდა და ვერანაირ, ასე ვთქვათ, ირიბ გამოსავალს ვერ მოძებნიდა. დღეს თუ მეტალურგიულ ქარხანას ან ცემენტის ქარხანას, მაინც დასანქცირების შემთხვევაში უფრო მეტი ლავირების საშუალება ექნებოდა, ბანკთან დაკავშირებით ვიცით, რომ ბანკი მომენტალურად გაითიშება swift-დან და მორჩა, ამას ვერაფერი უშველიდა და ამიტომ რუხაძემ ტელეკომპანია იმედთან“ ერთად ლიბერთი ბანკი“ ჩამოიცილა.

მოკლედ, რუხაძე გაიქცა, ჩინელები შემოვიდნენ და თითოეულ ოჯახში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ჩინური ვიდეოკამერა დგას, ცუდი გაგებით. მაგრამ ამავე დროს, ჩავთვალოთ მეორე მხრივ, რომ ეს არის კერძო კომპანია და პირდაპირი გავლენის ქვეშ არ იქნება ჩინეთის სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ეს ძნელი წარმოსადგენია.

კომპანია Hualing- აქ ფლობს სხვადასხვა ბიზნესებს, მაგრამ საქართველოში ამ ბანკის სახით ეს ყველაზე დიდი ჩინური ინვესტიციაა. ზოგადად, ჩინეთი საქართველოში ინვესტორი არ არის. ჩინეთს ათეული წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ $1.2 მილიარდი აქვს ჩადებული. ჩინეთი უფრო მომხმარებელია, აშენებს გზებს, რკინიგზებს, ანუ ინვესტორი კი არ არის, პირიქით, ინვესტიციებს, რომელსაც ჩვენ მოვიზიდავთ, ჩინური კომპანიები თავად ამას იყენებენ და მათ უფრო მეტად გააქვთ ფული, ვიდრე შემოაქვთ. ამ შემთხვევაში, ორი გაერთიანებული ბანკის სახით ეს არის პირველი მსხვილი ინვესტიცია საქართველოში.

მოკლედ, რომ შევაჯამოთ, კარგია ის, რომ ლიბერთი ბანკი“ სასანქციო რისკიდან გამოვიდა და ამავე დროს თაღლითი რუხაძის ქვეშ არ არის და იმ თაღლითი ჰოლანდიელების, პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს ის ჰოლანდიელები, რომლებიც რუსულ, ფაშისტურ პროპაგანდას ეწეოდნენ საქართველოში. „ლიბერთი ბანკის“ დამფუძნებელი ჰოლანდიელები ასევე იმედის“ მეპატრონეები იყვნენ და ის, რაც საქართველოში ხდება, ეს ძალადობა და აი ამ რუსული რეჟიმის განმტკიცება, სწორედ მათ პასუხისმგებლობასაც მოიცავს. ასე რომ, მათი გასვლა საბანკო სისტემიდან კარგია, მაგრამ ჩინელების შემოსვლა ცუდია“, - ამბობს რომან გოცირიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები