ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ იმისთვის რომ აზერბაიჯანმა საქართველოს გავლით ევროპას 20 მილიარდ მ³ გაზი მიაწოდოს, სტრანსანატოლიის მილსადენის [TANAP]; ტრანსადრიატიკის მილსადენის [TAP] და სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გაფართოება იქნება საჭირო. მისი შეფასებით, ამ მილსადენების გაფართოებას წლები დასჭირდება, ამიტომ ნაკლებად მოსალოდნელია, რომ 2027 წლისთვის აზერბაიჯანმა 20 მილიარდ მ³-მდე გაზარდოს ევროპისთვის გაზის მიწოდება.
"მილსადენების გაფართოება იქნება საჭირო როგორც სამხრეთ კავკასიური, ისე TANAP-ის და TAP-ის მხარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში 20 მილიარდის გატარებას [უშუალოდ ევროპისთვის] ვერ შეძლებენ. ამის გაფართოებას წლები სჭირდება და 2025 წლამდე ეს ნამდვილად შეუძლებელია. მოპოვების ნაწილში რეალისტურია საუბარი და შეუძლია აზერბაიჯანს ამ მოცულობის გაზი ევროპას მიაწოდოს, თუმცა როგორც ვთქვი გატარების კუთხით იქნება პრობლემა. თურქეთმა უარიც რომ თქვას გაზის მიღებაზე, მაინც შეუძლებელი იქნება 16 მილიარდი მ³ გაზზე მეტის გატარება. ამის გათვალისწინებით ყველაზე უკეთესს შემთხვევაში 15-16 მილიარდი მ³ შეიძლება იყოს მიწოდებული. მეტი ტექნიკურად შეუძლებელია", - ამბობს მამათელაშვილი.
ევროკავშირმა აზერბაიჯანთან გაზის იმპორტის საკითხზე მემორანდუმს 2022 ზაფხულში მოაწერა ხელი. შეთანხმება 2027 წლისთვის ევროკავშირისთვის წლიურად სულ მცირე 20 მილიარდი კუბური მეტის გაზის მიწოდებას ითვალისწინებს. ევროკომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანისგან უკვე იღებენ გაზრდილი მოცულობით გაზს, რამაც 2021 წელს 8 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.