თელავის მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ვენახებისთვის მიყენებული ზარალი დათვლილი არ არის. ასე უპასუხეს BMG-ის კითხვაზე რა ზიანი მიაყენა სტიქიამ ვენახებს და რამდენი იყო აქედან დაზღვეული.
"ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს ზარალის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ აქვს, ვინაიდან სავარგულებთან მისასვლელი გზის უდიდესი ნაწილი დაზიანებულია სტიქიის გამო და მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ შესაძლებელი გახდება მიყენებული ზარალის ოდენობის დადგენა", - აცხადებენ თელავის მერიაში.
12 ივლისს, გამთენიისას თელავში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე თელავის ხევმა კალაპოტი გაარღვია და ქუჩები დატბორა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც თან ქვა-ღორღი მოჰყვა, მთლიანად დაანგრია ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი. სერიოზულად დაზიანდა კავკასიონისა და ალაზნის გამზირები. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა დამდგარი ზარალი დიდია.
სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი კორპუსების პირველი სართულები, კომერციული ფართები, აფთიაქები, კლინიკა და მაღაზიები. ასევე დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები და ავტომობილები, რის გამოც ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.




























