აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს არჩილ კონცელიძეს, ამ ეტაპზე, “ბანკის გაყიდვა რთულად წარმოუდგენია”.
როგორც მან bm.ge-ის განუცხადა, ბოლო ორი წლის განმავლობაში ბანკის გაყიდვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია „რეალური არ ყოფილა“.
“აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) თანხმობის გარეშე შეუძლებელი იქნება <ბანკის გაყიდვა>... და მე ძალიან რთულად წარმომიდგენია, ამ ეტაპზე OFAC-ის თანხმობის მიღება ვინმემ შეძლოს. ნებისმიერ შემთხვევაში, ყიდვა-გაყიდვაზე რეალური არაფერი ყოფილა. ჭორები იყო, მაგრამ რეალური არაფერი“, - თქვა არჩილ კონცელიძემ.
„ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორს ვთხოვეთ შეეფასებინა სებ-ის პრეზიდენტის მიერ გამოცემული ე.წ.გამონაკლისი ბრძანება, თუმცა თავი შეიკავა, რადგან სანქცირებული ვითიბი ბანკი ფინანსური ოპერაციებით არ არის დაკავებული.
"ძალიან მიჭირს ამ თემის კომენტირება. ბანკი გაჩერებულია. არანაირ საქმიანობაში ჩართული არაა“, - დასძინა არჩილ კონცელიძემ.