მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ კანონებით სახელმწიფო ორიენტირებულია 2.5-ლარიანი ღვინოების წარმოებაზე" - მეღვინე რეგულაციების გამკაცრებაზე

ღვინო

"სახელმწიფო ორიენტირებულია 2.5-ლარიანი სეგმენტის ღვინოების წარმოებაზე, რომელიც ვერსად გავა ექსპორტზე, გარდა ჩრდილოეთისა", - ასე აფასებს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი ღვინის წარმოების რეგულირების გამკაცრების მიმართულებით დაანონსებულ ცვლილებებს.

როგორც თამაზ ომანაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, ბოლო პერიოდში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიციირებული და მიღებული ყველა კანონი ინდუსტრიულ მეღვინეობაზეა მორგებული და რეალურად ნაკლებადაა მიმართული ღვინის ხარისხის ამაღლებაზე. ამ კონტექსტში ის ასახელებს ახალი ვენახების გაშენებაზე შემოღებულ რეგულაციასაც.

“ეს არის დაგეგმარების საბჭოთა მეთოდი, ვენახების დაგეგმარება. ეს კანონი არის კიდევ ერთი დიდი ბარიერი. ასეთი სიტუაცია გვაქვს, აღმართზე მიმავალია ჩვენი მეღვინეობა და ბარიერებს გვიყენებს სახელმწიფო. სახელმწიფო უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი და არა ზედამხედველი. ამ კანონებით სახელმწიფო ორიენტირებულია 2.5 ლარიანი სეგმენტის ღვინოების წარმოებაზე, რომელიც მსოფლიოში ვერანაირ ბაზარზე ვერ გავა, გარდა ჩრდილოეთისა.

ეს [რეგულაციები] არის კიდევ ერთი ბიუროკრატიული ბარიერი, ფინანსური დანახარჯები, მოტივაციის ჩაკვლა [მცირე მარნებისთვის]. ყველაფერი მიმართულია ინდუსტრიულ მეღვინეობაზე, მთლიანად რაოდენობაზე და არა ხარისხზე. აქ ხარისხზე არ არის [საუბარი], თორემ სხვანაირად მოიქცეოდნენ ისინი”, - განაცხადა თამაზ ომანაძემ.

ცნობისთვის, ახალი ვენახების გაშენების რეგულირების შემდეგ, მთავრობა ღვინის წარმოების რეგულირებასაც ამკაცრებს. “ვაზის და ღვინის შესახებ” კანონში მორიგი ცვლილებების თანახმად, ღვინის სექტორში შემოდის სავალდებულო ნიშანდების სისტემა. ამასთან, ცვლილებებით, საყოველთაო სავალდებულო ორგანოლეპტიკურ შემოწმებას ყველა კატეგორიის ღვინო დაექვემდებარება.

სიახლეა ისიც, რომ „მცირე მარნის“ სტატუსის მქონე მეღვინეობების წარმოების მოცულობები 40 000 ლიტრიდან 25 000 ლიტრამდე მცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები