იურისტი და “ზვიად კორძაძის საადვოკატო ბიუროს” მმართველი პარტნიორი აცხადებს, რომ რუსული კანონის მიღება არაფრით არ შეიძლება. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი შეფასებით, კანონის მიზანი მხოლოდ იარლიყების მიწებებაა და ის ქვეყანაში ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის. ზვიად კორძაძემ კანონის იურიდიული ნაწილიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ამ კანონის გარეშეც აქვთ.
„ეს კანონი არასაჭიროა. ემსახურება იმას, რომ დაყოს საზოგადოება და იარლიყები მიაწებოს ამა თუ იმ პირს. ამავდროულად როდესაც ყველა შენი მეგობარი გეუბნება, რომ მისი მიღება საჭირო არ არის, უნდა დაფიქრდე, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას საფრთხეს უქმნის და ამას პირდაპირ გეუბნებიან - ეს კანონი არ უნდა მიიღო.
რაც შეეხება წმინდა იურიდიულ ნაწილს, ეს კანონი საერთოდ არაფერს ემსახურება, ყველა ინფორმაცია, რომელიც ვითომ გამჭვირვალობის საფარველქვეშაა და საჭიროა, რომ ამ კანონით იყოს გამოთხოვილი, სახელმწიფოს ამ ინფორმაციაზე წვდომა ამა თუ იმ მექანიზმებით ისედაც აქვს. შესაბამისად, ეს კანონი მარტო იმიტომ კი არ არის რუსული, რომ რუსულ კანონში ზუსტად იგივე წერია, არამედ ემსახურება იმ ინტერესს, რომ მოგვწყვიტოს ევროპულ ორბიტას და ადგილი მიგვიჩინოს რუსულ ორბიტაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე ამ კანონის მიღება არაფრით არ შეიძლება და მისი მიღების შემთხვევა პირდაპირ მიგვითითებენ, რომ ეს ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის ხელის შემშლელი იქნება“, - განმარტა ზვიად კორძაძემ.
იურისტი შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს მხოლოდ საზოგადოების აქტიურობაში ხედავს, რადგან ხალხის პოზიცია ამ კანონის განხილვის პროცესში მნიშვნელოვანია.
„შარშანდელთან შედარებით საზოგადოება მოდუნებული ჩანს და გვგონია, რომ რადგან კანდიდატის სტატუსი მოგვანიჭეს, ყველაფერი განაღდებული გვაქვს. ასე არ არის - ერთ დღესა და ერთ კვირაში შეიძლება ყველაფრის გაფუჭება. ამიტომ თუ საზოგადოებას მართლა მიაჩნია, რომ მისი ადგილი ევროპაშია და ყველა გამოკითხვა ამას ადასტურებს, ყველა აზრი, რომელიც ფიქსირდება საჯაროდ, საზოგადოებამ ხელისუფლებას უნდა უთხრას. იმისთვის, რომ ხელისუფლებამ მკაფიოდ დაინახოს, რომ ამ კანონის მიღება ქართველი ხალხისთვის მიუღებელი და ევროპული გზის ჩამკეტი იქნება. ეს არის გამოსავალი. კანონის განხილვა დაჩქარებულად არ ხდება და მისი გაჩერება მხოლოდ ხალხის პოზიციის გათვალისწინებით შეიძლება მოხდეს“, - განაცხადა ზვიად კორძაძემ.
საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი. 83 მომხრე იყო და 0 წინააღმდეგი. კენჭისყრამდე პაპუაშვილმა ოპოზიცია დარბაზიდან გააძევა.
„ქართული ოცნების“ კანონპროექტით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსი ენიჭება ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ, თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად" რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.