პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ "რუსული კანონის" დაბრუნება საქართველოს ევროპულ მიზანს არ წაადგება.
„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის!
სათქმელიც ითქვა : კანონი არაა ევროპული, არც მისი დაბრუნება წაადგება ევროპულ მიზანს!
მეტი რა?!“ - წერს პრეზიდენტი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტის იურიდიული საკითხების კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი განხილვა გაიმართება. დღეს პარლამენტში მხოლოდ ტელევიზიებს დაუშვებენ, დანარჩენ მედიას - არა. საკანონმდებლო ორგანოში ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებით ხსნიან.
"ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტში მოაბრუნა კანონპროექტი, რომელიც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, ჩავარდა. ამჟამად მმართველი პარტიის ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".
მმართველი პარტიის მიერ ინიციირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად აკრიტიკებენ დასავლელი პარტნიორები და დიპლომატები. საქართველოს პრემიერის გერმანიაში ვიზიტისას კანცლერმა ოლაფ შოლცმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში ამ კანონს არ მიიღებდნენ. მან ისიც თქვა რომ ევროკავშირში მსგავსი კანონმდებლობა არ აქვთ. გერმანიის კანცლერის კრიტიკა ირაკლი კობახიძემ გერმანული ბიუროკრატიის გაუმართაობით ახსნა და განაცხადა, რომ კანცლერი ქართულ კანონებს ვერ წაიკითხავს და ბიუროკრატებმა მას სწორი ინფორმაციას უნდა მიაწოდონ. ელჩების კრიტიკული გამოსვლების შემდეგ კი ირაკლი კობახიძემ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დისკუსია შესთავაზა.
ინფორმაციისთვის, მსგავსი შინაარსის კანონპროექტი ერთი თვის წინ ყირგიზეთმა მიიღო, რომელსაც 3 აპრილს ხელი მოაწერა ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სადირ ჯაფაროვმა. აღნიშნული კანონიც დამოუკიდებელი სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სპეციალური რეესტრის შექმნის ვალდებულებას ითვალისწინებს.
ქართულ კანონპროექტში სიტყვა "უცხოური ძალის აგენტი" ჩანაცვლებულია სიტყვებით "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლით".