მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამ კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს - კობახიძე „რუსულ კანონზე“

ირაკლი კობახიძე
23.04.24 15:35
327

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ე.წ. რუსული კანონის მიღებას არავითარი ალტერნატივა არ აქვს.

კანონის მიღების შემთხვევაში ოპოზიციის შესაძლო ქმედებებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ქართული საზოგადოება NGO-ების დაფინანსების გამჭვირვალობას მხარს უჭერს და ოპოზიციას დიდი რესურსი არ აქვს.

„ყველა ხედავთ, რომ დიდი რესურსი ოპოზიციას არ აქვს. ქართული საზოგადოება მხარს უჭერს NGO-ების გამჭვირვალობას. NGO-ების გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს ინფორმირებული. ინფორმირებული საზოგადოება არის აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი იყოს მყარად დაცული. ეს საზოგადოებას კარგად აქვს გააზრებული. საზოგადოებას უნდა მეტი ინფორმაცია NGO-ების დაფინანსებასთან დაკავშირებით, მათ შორის იმისთვის, რომ მოხდეს ისეთი მოვლენების პრევენცია, რასაც ჰქონდა ადგილი 2020, 2021, 2022 წლებში. არის ათასგვარი მანკიერი პროპაგანდა, რომელშიც ჩართული არიან NGO-ები, მათ შორის, ნარკოტიკების პროპაგანდის ჩათვლით. შესაბამისად, ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. მით უმეტეს, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ვერავინ არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინა ამ კანონის წინააღმდეგ“,- განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება კანონპროექტთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების კრიტიკას, კობახიძე იმეორებს, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით კონტრარგუმენტი არ არსებობს.

„პირველ რიგში, როდესაც საუბარია კონკრეტული ინსტიტუტების განცხადებებზე, გვეკითხებიან ხოლმე, რატომ ვერ დაარწმუნეთ. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ეს განცხადებები არ უნდა გაეკეთებინათ, მანამდე ერთი წელი ვერ დავარწმუნეთ იმაში, რომ ფინანსები უნდა გაეხადათ გამჭვირვალე. ეშინიათ დაფინანსების გამჭვირვალობის, ესაა რეალურად მთავარი მიზეზი, რატომაც კეთდება ეს განცხადებები, რომლებიც სამწუხაროდ კეთდება. როგორ შეიძლება რაიმე არგუმენტი გქონდეს იმასთან დაკავშირებით, რომ NGO-მა წელიწადში ერთხელ უნდა წარადგინოს დეკლარაცია. ეს ხომ მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიური მოვლენაა. როდესაც ასეთ პირობებში მაინც კეთდება განცხადებები, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცას ძალიან არ უნდა გამჭვირვალობა“,- უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს.

17 აპრილს, საქართველოს პარლამენტმა "რუსული კანონი" პირველი მოსმენით მიიღო. "გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი 0-ის წინააღმდეგ.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები