ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს არ ჰგონია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მათ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციას არ მიაწვდიან და არ აღასრულებენ ამ გადაწყვეტილებას. ბიუროში გამართულ პრესკონფერენციაზე რაჟდენ კუპრაშვილი აცხადებს, რომ ბიუროს მანდატი საგრანტო ხელშეკრულებების სამართლებრივი მდგომარეობის გამორკვევაა და არა დარღვევების შემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დევნის დაწყება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას დაიწყება თუ არა სისხლის სამართლებრივი დევნა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ, რომლებიც ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს არ შეასრულებენ.
როგორც დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, 17 ივნისს ანტიკორუფციულმა ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო. ორგანიზაციებისგან მოთხოვნილია ყველა იმ ადამიანის პირადი ნომრების, სახელების, გვარების, ფოტოსურათების, ფინანსური და საბანკო ინფორმაციისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ინფორმაციის გადაცემა, ვისაც მათი დახმარებით უსარგებლია.
„მე არ მგონია, რომ არ აღასრულებენ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კანონის უზენაესობაზე, როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალზე სასამართლო გადაწყვეტილების არ აღსრულება არც უნდა განიხილებოდეს. ეს სამართლებრივი პროცესია, სადაც ბიურო, თავისი მანდატის ფარგლებში ყველა იმ ფაქტობრივ გარემოებას შეისწავლის, რაც ობიექტურ ჭეშმარიტებამდე მიგვიყვანს. შესაბამისად ჩვენ სრულიად ღია პროცესით წარვმართავთ ამ სამართლებრივ პროცესს და შემაჯამებელ გადაწყვეტილებამდეც მივალთ.
საპროცესო კოდექსი გვაძლევს საშუალებას განვახორციელოთ სხვა სამართლებრივი მოქმედებები ჩვენ გამოგვარკვევინებს იმ ქეისების სამართლებრივ მდგომარეობას, რომლითაც ჩვენ წარმოება დავიწყეთ“, - აცხადებს რაჟდენ კუპრაშვილი.
ჩაკითხვაზე დაიწყება თუ არა იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, რომლებმაც უკვე განაცხადებს, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, რაჟდენ კუპრაშვილი ირწმუნება, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის, თუმცა ცალსახად იმ კითხვაზეც არ პასუხობს მიმართავს თუ არა ამ შემთხვევაში ბიურო შესაბამის უწყებას.
„თქვენთვის ცნობილია, რომ ანტიკორუფციული ბიურო სსკ-ის მიმართულებით დევნას არ ახორციელებს, შესაბამისად ეს კითხვა სხვა უწყების მიმართ უნდა დასვათ. ჩვენი მანდატის ფარგლებში ვმოქმედებთ - გამოვარკვიოთ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც უკავშირდება კონკრეტულად საგრანტო ხელშეკრულებებს და არასამთავრობო და იმ პირების საქმიანობას რომლებიც შეფარვით ეწევიან პოლიტიკური საქმიანობას და თქვენ იცით, რომ პოლიტიკურ საქმიანობასთან მიმართულებით კონკრეტული რეგულაციები არსებობს, რაც უნდა დაიცვას ყველა სუბიექტმა.
ჩვენ ახლა სხვა კანონთან მიმართებით ვსაუბრობთ, ეს აღსრულება მიმართულია სხვა მიზნისკენ და ეს არის განცხადებული საარჩევნო სუბიექტების მიმართულებით. რაც შეეხება ფარას კანონს, მგონია, რომ ეს პროცესი ძალიან ჯანსაღად მიდის და ძალიან ბევრმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თუ სხვა დაინტერესებულმა მხარემ მომართა ანტიკორუფციულ ბიუროს და მისი სამართლებრივი კონსულტაციებისთვის, ამ კანონთან დაკავშირებით არ არსებობს მოლოდინები, რომ ვინმე არ აღასრულებს. ჩვენი მანდატი არაა გამოვიძიოთ სისხლის სამართლის მიმართულებით, ჩვენი მანდატია დავადგინოთ კონკრეტული სუბიექტები ექვემდებარებიან თუ არა ფარაში რეგისტრაციას“, - განაცხადა მან.




























