მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ანტიკორუფციული ბიურო ორგანიზაციებისთვის გრანტის შესახებ ინფორმაციის გაციფრულების პლატფორმას ქმნის

რაჟდენ კუპრაშვილი

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მიმდინარეობს სპეციალური პლატფორმის შექმნა, რომელიც გრანტების გამჭვირვალე აღრიცხვას უზრუნველყოფს. ბიუროს ხელმძღვანელი ირწმუნება, რომ ორგანიზაციებს ამ ინფორმაციის გაციფრულება ორგანიზაციებს პერსონალური მონაცემების დაცვით შეეძლებათ. ამის შესახებ კუპრაშვილმა "ოცნების" ერთპარტიული პარლამენტის იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც ბიუროს 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

"ჩვენ ვქმნით სპეციალურ პლატფორმას, სადაც თითოეულ ორგანიზაციას საშუალება ექნება, გააციფრულოს თავისი გრანტის შესახებ ინფორმაცია ისე, რომ ყველანაირი პერსონალური ინფორმაცია იქნება დაცული. და ამ შემთხვევაში ანტიკორუფციული ბიურო ასეთი კეთილსინდისიერი ორგანიზაციის მონაცემებთან მიმართებით იხელმძღვანელებს იმ დიგიტალიზებული ინფორმაციით, რომლებსაც ისინი მოგვაწვდიან. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება იმ ფაქტებს, როცა შეფარვით დაიწყებს სხვა რაღაც საქმიანობას“, – თქვა კუპრაშვილმა.

კუპრაშვილმა თქვა, რომ "ქვეყანაში ძალიან ბევრ კარგ საქმეს, რომელსაც არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ, ხშირად თან ახლავს შეფარული პოლიტიკური აქტივობები".

„სამწუხაროდ, ისეთი ვითარება გვაქვს, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ კარგ საქმეს, რომელსაც არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციები ახორციელებენ, ხშირად თან ახლავს შეფარული პოლიტიკური აქტივობები — მათ შორის, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება ან მათ სასარგებლოდ მოქმედება. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული კანონი გრანტების შესახებ და ასევე FARA-ს (უცხოური გავლენების გამჭვირვალობის) კანონი, რაც მიზნად ისახავს განასხვაოს ეს ფარული საქმიანობა არასამთავრობო სექტორის რეალური, საზოგადოებაზე ორიენტირებული საქმიანობისგან“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

მისივე თქმით, კეთილსინდისიერ არასამთავრობოებს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვთ, იყვნენ ღიად და მოქალაქეებს თავიანთი საქმიანობის შესახებ უფრო ხელმისაწვდომი ინფორმაცია მიაწოდონ.

„ეს არ ნიშნავს სტიგმატიზაციას. პირიქით, სწორედ ასეთი გამჭვირვალე მიდგომა აძლიერებს ნდობას. თუმცა, ორგანიზაციებს, ვისი საქმიანობაც მკვეთრად პოლიტიკურ ჭრილშია, ნაკლები მზადყოფნა აქვთ ასეთი გამჭვირვალობისთვის“, – დასძინა მან.

კუპრაშვილის თქმით, FARA-ს პლატფორმის გაშვების პირველ დღეს ვებგვერდს 50 000-მდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავდა, ხოლო ბიუროს არაერთმა ორგანიზაციამ მიმართა საკონსულტაციოდ.

„თითქმის 99% შემთხვევაში დარეგისტრირების აუცილებლობა არ დამდგარა. კანონმდებლობის მიზანი არც არასამთავრობო სექტორის რეგულარული საქმიანობის შეზღუდვაა — ის მხოლოდ პოლიტიკურ საქმიანობაზე ვრცელდება“, – განაცხადა კუპრაშვილმა.

ანგარიშში ასევე იყო მოცემული ბიუროს საქმიანობა პოლიტიკურ პარტიათა და საარჩევნო სუბიექტთა ფინანსური გამჭვირვალობის მონიტორინგის მიმართულებით. როგორც ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელმა განმარტა, 2024 წლიდან პარტიებს პირველად დაეკისრათ ვალდებულება წარედგინათ წლიური საფინანსო დეკლარაციები.

კუპრაშვილმა ისაუბრა თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების საკითხზეც. მისი თქმით, 2023 წლის განმავლობაში ბიუროში 6 970 დეკლარაცია შევიდა.

ანგარიშში ასევე გამოყოფილია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება, მამხილებლის დაცვის მექანიზმების განვითარება, ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტების ამაღლება და საერთაშორისო თანამშრომლობა.

კომიტეტებმა ანგარიშს დადებითი შეფასება მისცეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები