საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის შოთა ბურჯანაძის შეფასებით, საქართველოში ჩამოსული ტურისტების გეოგრაფიის ცვლილება კვებითი მომსახურების სფეროსთვის, გარკვეულწილად, გამოწვევას ქმნის.
შოთა ბურჯანაძე, რომელიც სტეიკჰაუსი #1-ის მფლობელია, ასევე, ამჟამად სასტუმრო „რედის“ რესტორნებს მართავს, ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ინდოეთიდან და ჩინეთიდან ტურისტების ჩამოსვლა კარგია, მაგრამ ევროპის ქვეყნებიდან ვიზიტორების მოსაზიდად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში შოთა ბურჯანაძემ რამდენიმე კონკრეტული მაგალითების მოშველიებით მოჰყვა აზიური ბაზრებიდან ჩამოსული სტუმრების სპეციფიკა და ისიც აღნიშნა, რომ დაბალ მხარჯველ უნარიანობით ხასიათდებიან.
„ამ ხალხს „დაზვერვითი ტურისტები“ დავარქვი“ - ამბობს რესტორატორი და ვარაუდობს, რომ საბოლოოდ, ინდოეთიდან თუ არაბული ქვეყნებიდან საბოლოოდ ის კონტინგენტი იმოგზაურებს საქართველოში, ვისაც ქართული კულტურა და სამზარეულო აინტერესებს.
„ტურისტების გეოგრაფიის შეცვლა გარკვეულწილად გამოწვევა არის დღევანდელ რეალობაში. „რედისონ რედი“, რომელსაც 110-მდე სასტუმრო ოთახი აქვს, სხვადასხვა კატეგორიის, ერთი შემთხვევა იყო, როდესაც მთლიანად ინდოელებით იყო დაჯავშნილი და თავიანთი მზარეული მოითხოვეს - ინდური კერძების მიწოდება გარკვეულწილად შეიძლება დადებითი გამოწვევაც კი ყოფილიყო ჩვენთვის, რამდენად შევძლებდით მომსახურებას და ერთი დღე მათი სურვილი დავაკმაყოფილეთ კიდეც, ყველაფერი ინდურად მოვუმზადეთ, მაგრამ ყველა დღე, ბუნებრივია, ასე ვერ [მოვემსახურებოდით]... აღსანიშნავია, რომ იმ ადამიანებს, ვინც ინდოეთიდან, ჩინეთიდან, არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან, არა მხოლოდ განსხვავებული სურვილები აქვთ, არამედ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, დაბალ მხარჯველ უნარიანობით გამოირჩევიან. ამ ხალხს მე დავარქვი "დაზვერვითი ტურისტები", რომელმაც დაზვერეს ქვეყანა, ჩაიტანეს იქ ან დადებითი ან უარყოფითი შთაბეჭდილება და საბოლოოდ, ამ მილიარდიანი ქვეყნებიდან ის ხალხი ჩამოვა, რომლისთვისაც ჩვენი კულტურა, ღვინო, სამზარეულო იქნება საინტერესო და არა მხოლოდ და მხოლოდ სხვა ქვეყანაში თავისი „კულტურით ჩამოსვლა“, - აცხადებს შოთა ბურჯანაძე.



























