მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ ორი ადამიანის გარეშე სებ-ში კრიზისი ბევრად ღრმა იქნებოდა, ვიდრე დღეს არის“ - დეპუტატი საბჭოს ახალ წევრებზე

დეპუტატი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის განცხადებით, სებ-ის საბჭოში პრეზიდენტის მიერ უმრავლესობასთან შეუთანხმებელი კანდიდატების მხარდაჭერა ეროვნულ ბანკში კრიზისის არიდებას ემსახურებოდა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

დეპუტატი ირწმუნება, რომ რომ არა სებ-ში გასულ კვირას შექმნილი ვითარება, პარლამენტი შეუთანხმებელ კანდიდატებს სებ-ის საბჭოს წევრებად დანიშვნას მხარს არ დაუჭერდა.

„პრეზიდენტმა სებ-ის საბჭოს კანდიდატები შეუთანხმებლად წარმოადგინა. ჩვენ არ ვიცოდით ვინ წარმოადგენდა მან. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის არავითარი მოლაპარაკება და შეთანხმება არ ყოფილა, შესაბამისად ნებისმიერ კანდიდატს, რომელიც შეუთანხმებლად იქნებოდა წარმოდგენილი, ჩვენ მხარს არ დავუჭერდით. მაგრამ სიტუაცია შემდეგნაირად განვითარდა: სებ-ში ისეთი დეტონაცია მოხდა, რომელმაც კრიზისი გამოიწვია. ამიტომ ნებისმიერი საბჭოს წევრი, რომელიც პრეზიდენტის მხრიდან იყო წარმოდგენილი, საჭირო გახდა იქ ამ კრიზისის აღმოსაფხვრელად და ჩვენ მხარი დავუჭირეთ“, - განმარტა დავითულიანმა.

მმართველი ძალის დეპუტატი აცხადებს: „ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ამ ორი ადამიანის [ნანა ყეინიშვილი, თეიმურაზ ხომერიკი] გარეშე სებ-ში კრიზისი ბევრად ღრმა იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. რაც ქვეყნის საფინანსო საბიუჯეტო სისტემაზე ცუდ გავლენას მოახდენდა“.

21 სექტემბერს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურებს მხარი დაუჭირა. სხდომამდე საკითხი განიხილეს საფინანსო საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ნანა ყეინიშვილის და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების განხილვა, თუმცა, კანდიდატები კომიტეტის სხდომაზე არ გამოცხადდნენ. რის შემდეგაც კომიტეტებმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირეს, თუმცა სესიაზე მმართველი გუნდის პოზიცია შეიცვალა და წარდგენილი კანდიდატები 84 ხმით ეროვნულ ბანკში აირჩიეს.

მომხდარის მიზეზი BMG-სთან საუბარში განმარტა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ბეჟან წაქაძემ. მისი თქმით, ამ კანდიდატების არჩევა სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო და მის გარეშე ეროვნული ბანკის უწყვეტ ფუნქციონირებას რისკები შეექმნებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები