მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამ პერიოდში, კიბერ შემთხვევები 30%-ით გაზრდილია" - როგორ დავიცვათ თავი საშობაო ფასდაკლებებზე?

ინგა ქარჩავა

საქართველოს საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, საშობაო პერიოდში კიბერთაღლითობის შემთხვევები დაახლოებით 30%-ით იზრდება. ამ საკითხზე კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორმა, ინგა ქარჩავამ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა.

ქარჩავას თქმით, სტატისტიკა ადასტურებს, რომ თაღლითები განსაკუთრებით აქტიურები არიან „შავი პარასკევიდან“, შემდეგ „კიბერ ორშაბათზე“ და საშობაო სეზონზეც. მიზეზი მომხმარებლების აქტიურობაშია, რომლებიც ცდილობენ საუკეთესო შეთავაზებები მიიღონ სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, რაც ხშირად ყურადღების მოდუნებას იწვევს.

„ამ პერიოდში კიბერ შემთხვევები ხშირია, რადგან მომხმარებლები შიშობენ, რომ საუკეთესო შეთავაზებას გამოტოვებენ. რეკლამების მოზღვავება და სოციალური ქსელების შეთავაზებები მარტივად უბიძგებს მათ დაუფიქრებლად ბმულებზე გადასვლისკენ. საბოლოოდ კი, მომხმარებელი აღმოაჩენს, რომ ბმულმა ის ყალბ ვებგვერდზე გადაიყვანდა“, – ამბობს ქარჩავა.

მისი განმარტებით, დღეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ძალიან მარტივად იქმნება ისეთი საიტები, რომლებიც სრულად იმეორებს ცნობილი ბრენდების ვებგვერდების დიზაინს და მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა იოლი ხდება. ამიტომ, ქარჩავა მომხმარებლებს ურჩევს, რომ ყოველთვის თავად მოძებნონ კონკრეტული მაღაზიის ოფიციალური ვებგვერდი და შესყიდვები მხოლოდ იქ განახორციელოს. ვინაიდან, საძიებო სისტემაში მაღაზიის სახელის შეყვანა და ოფიციალურ გვერდზე გადასვლა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა კიბერუსაფრთხოების დასაცავად.

ქარჩავა ასევე აღნიშნავს, რომ ხშირია ტექნიკური მხარდაჭერისა და ანგარიშის დადასტურების სახელით შემოსული ყალბი შეტყობინებები. თაღლითები ხშირად უკავშირდებიან მოქალაქეებს ცნობილი კომპანიების სახელით, თითქოს ტრანზაქციის ან ანგარიშის გადამოწმების მიზნით, და საბარათე ან ფინანსური მონაცემების გაზიარებას სთხოვენ.

გარდა ამისა, კიბერუსაფრთხოების მიმართულების კოორდინატორი მომხმარებლებს ურჩევს, რომ ფულადი ტრანზაქციებისას ციფრული საფულე გამოიყენონ, რადგან ის არ აძლევს თაღლითებს საბარათე მონაცემებს და მნიშვნელოვნად ზრდის ონლაინ ვაჭრობის უსაფრთხოებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები