მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ პროექტით ბახმაროს ჩაბეტონება ხომ არ დაიწყება?" – „ორბი“ პროტესტს პასუხობს

ორბი

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ბახმაროს პროექტის გარშემო საზოგადოებაში არსებულ ვნებათაღელვას ეხმაურება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ირწმუნება, პროექტის პარამეტრები სულ თანხვედრაშია გენერალურ გეგმასთან და მისი ცვლილება არცერთ ასპექტში არ განიხილება. ამის გარანტორად ინვესტორი კომპანია სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პროექტის შემსრულებელ კომპანია "WilkinsonEyre"-ს ასახელებს, რომელიც მსოფლიოს ტოპ არქიტექტორული კომპანიების ჩამონათვალშია.

კვერღელიძის თქმით, კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ფართობის მხოლოდ 20%-ის ათვისება ხდება მშენებლობისთვის, დანარჩენი ფართი კი საზოგადოებრივი სივრცეებისა და საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარებას ხმარდება. რაც შეეხება სართულიანობას, კომპანიაში განმარტავენ, რომ მიწის ზემოთ სასტუმრო კომპლექსი ოთხ სართულზე უნდა მოეწყოს, წარმოდგენილი პროექტის სიმაღლე კი 12 მეტრს არ სცდება.

„განსხვავებული მოსაზრებებია სოციალურ ქსელებში, რომელიც საკმაოდ აქტიურად ტრიალებს და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი, რასაც ვუყურებთ არის შიში იმის შესახებ, ხომ არ მოხდება ამ პროექტით ბახმაროს ჩაბეტონების დაწყება? ამ საკითხთან დაკავშირებით პირდაპირ მინდა გავცე პასუხი ყველას, რომ პრაქტიკულად ამის გარანტი არის გენგეგმა, რომელიც ცალსახად აწესებს იმ ნორმატივებს და წესებს, იმ დანიშნულების ობიექტებს, რომელიც ბახმაროში შეიძლება აშენდეს.

ჩვენთვის როგორც ინვესტორისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე ურბანული განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობა, იმისთვის, რომ სწორედ გენგეგმით გათვალისწინებული პარამეტრები იყოს დაცული, ეს ჩვენს ინტერესებშია.

მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ბახმაროს განვითარების გეგმაში თავიდან ბოლომდეა დაცული ის პარამეტრები, რომელიც ბახმაროს იდენტობის შენარჩუნების გარანტიცაა, რატომ? იმიტომ რომ ბახმაროს სრული ტერიტორიის, 3000 ჰა-დან 80% რჩება აუთვისებლად, ლანდშაფტურად. დანარჩენ ნაწილშიც, პროექტი, რომელსაც ჩვენი კომპანია ახორციელებს, მშენებლობა არის ძალიან მცირე ნაწილზე გათვალისწინებული.

საერთაშორისო პრაქტიკაც ასეა, რომელ კურორტსაც არ უნდა შევეხოთ, საფრანგეთის იქნება ეს, ავსტრიის, იტალიის, შვეიცარიის, ნებისმიერ კურორტში რა მიმართულებაც არ უნდა ჰქონდეს მას, უფრო დაბალი ინტენსივობის, თუ უფრო მაღლის, ერთი მიზიდულობის ცენტრი ყველა კურორტს აქვს, იმიტომ, რომ დაბალი განაშენიანების ინტენსივობით ვერ ვიღებთ იმ ინფრასტრუქტურულ და აუცილებელი სერვისების ერთობლიობას, რომელიც კურორტზე ჩამოსულ ადამიანებს სჭირდება.

როცა ვამბობთ, რომ დიდია პროექტი, რა პარამეტრით? სიმაღლე 12 მეტრია, დიდია 12 მეტრის შენობა? როდესაც ნებისმიერ კურორტზე ნახავთ ამ სიმაღლის ობიექტს? მოშენების ფართი, ანუ K1 არის 0.2 ანუ 20%-ზე შეგიძლია მხოლოდ მშენებლობა. ეს სიდიდეზე მიუთითებს? დიდია პროექტი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 10 ჰა ტერიტორიიდან მხოლოდ მერვედ ნაწილზე? 1 სმ-თაც კი არ ავცდენილვართ გენგეგმის პარამეტრებს. მესმის, რომ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ შიშები, მაგრამ რა არის ამ შიშის დამცავი მექანიზმი? პირველი ეს არის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს თითოეული ასეთი განაშენიანება", - განაცხადა BMG-თან ინვესტორი კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი კვერღელიძემ და დასძინა, რომ სახელმწიფოსთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობით არის ამ დრომდე მიღებული შედეგი.

"პირდაპირ გეტყვით, რომ კომერციულად ეს საინტერესო არ არის. დაგეგმილია ბახმაროში 100 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია და ძალიან კარგად ვიცით, რომ ბახმარო ეს არის კურორტი, რომელსაც დღეისთვის არ აქვს შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია, კანალიზაცია, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, არ აქვს სანიაღვრეები, არ აქვს არანაირი ტექნიკური საშუალებები, მაღაზია არ არის სამშენებლო მასალის, უახლოესი წერტილი, სადაც შეიძლება იყიდო რამე, 120 კმ-ით დაშორებულია. არ არის არანაირი სამშენებლო ინფრასტრუქტურა, ბეტონის ქარხანა, კურორტზე არ არის არანაირი ბანკომატი, ბანკი არ არის, აფთიაქი შესატყვისი პარამეტრით, ნუთუ ამ პირობებში არ არის საჭირო შევქმნათ ერთი მიზიდულობის ცენტრი, რაც გათვალისწინებულია და რომელიც უზრუნველყოფს სტუმრის მიღებას და ღირსეული სერვისის გაწევას. კურორტისთვის ლოკომოტივის მაგალითის შექმნას, რომელმაც უნდა განავითაროს კოტეჯური განაშენიანება, ტროტუარიც კი არ გვაქვს კურორტზე, საუბარი გვქონდა, რომ გამოვძებნოთ ადგილი ბულვარისთვის.“ - აცხადებს BMG-თან ინვესტორი კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე.

კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა კურორტზე კოტეჯური ტიპის განაშენიანება, კომპანიაში გვპასუხობენ, რომ ამ ტიპის განაშენიანებით ტურისტებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ერთობლიობა ვერ შეიქმნებოდა.

„ამაზე ბევრი მოსაზრება იყო, მაგრამ მე როგორც კომპანიის წარმომადგენელი და საბოლოო ჯამში ჩვენს კოლეგებთან ერთად გადაწყვეტილების მიმღები, შემიძლია პირდაპირ აღვნიშნო, რომ მოცემულ შემთხვევაში როგორც ეს საერთაშორისო პრაქტიკით არის, ერთი მიზიდულობის ცენტრი ბახმაროს სჭირდება, რომელიც გზას გაუხსნის კოტეჯურ მშენებლობასაც.

ფაქტი არის ერთი, ჯერ ბახმაროში არცერთი ინვესტორი არ შესულა, არავის არ აუკრძალავს 2017 წლის შემდეგ ან მანამდე შესულიყო და თუნდაც კოტეჯური განაშენიანება გაეკეთებინა. ვინ უშლიდა ხელს? ჩვენ თუ ვსაუბრობთ ერთიან ცენტრალიზებულ სერვისზე, ადგილზე, სადაც ერთ ლოკაციაზე მიიღებს სტუმარი აუცილებელ სერვისს, მისი მიღება კოტეჯური განვითარებით შეუძლებელია და ამიტომაც არის, რომ სადაც არ უნდა მივიდეთ, ყოველთვის არის მსგავსი ლოკაციები 4-5 სართულიანი შენობები, სადაც ერთობლივად არის ეს ყველაფერი თავმოყრილი.“ - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.

ბახმაროში წარდგენილი პროექტის ჯამური ინვესტიცია 100 მლნ ლარს აღემატება. კომპანია „ორბიში“ ამბობენ, რომ ადგილზე 350 ნომერზე გათვლილი პრემიუმ კლასი სასტუმრო კომპლექსი განთავსდება, რომლის მშენებლობა 2 წლის ვადაში იგეგმება.

ინფორმაციისთვის, ბახმაროს პროექტზე კომპანია "WilkinsonEyre"-მა იმუშავა. სწორედ ამ კომპანიის ავტორობით შეიქმნა ისეთი ინფრასტრუქტურული და გამორჩეული პროექტები, როგორიც არის მაგალითად Gardens by the Bay in Singapore და ავსტრალიის გამორჩეული სასტუმრო კომპლექსი „ქრაუნ დინეი.“ ბათერსის ელექტროგენერაცია, რომელიც გარდაიქმნა თანამედროვე ინფრასტრუქტურად და ტურისტულ ცენტრად. WilkinsonEyre-ის დაპროექტებული და შექმნილია ისეთი კომპანიების სათავო ოფისები და კამპუსები მსოფლიოში მასშტაბით როგორიცაა Dyson, Wellcome Trust, Deutsche Bank, CIBC, Munich RE, Facebook and Apple.

რაც შეეხება სასტუმრო კომპლექსებს, WilkinsonEyre" -ს არაერთი პროექტი აქვს შესრულებული საფრანგეთისა თუ შვეიცარიის სამთო კურორტებზე. მათ შორის არის კურშაველში La Tania Courchevel-ის პროექტი, რომელიც 3 800 ოთახს მოიცავს. ასევე საფრანგეთში, მერიბელში არსებული აპარტამენტები, meribel trois vallees, რომელთა სიმაღლე 1500-დან 2 952მ-მდეა და ის 2000 აპარტამენტს აერთიანებს.

კომპანიის დაპროექტებულია შვეიცარიაში მდებარე 224 ნომერზე გათვლილი, Saint-Moritz Kempinski-ის სასტუმრო კომპლექსი, რომლის სიმაღლეც გახლავთ 1 822მ.

ცნობისთვის, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა პეტიცია - "გადავარჩინოთ ბახმარო" შექმნა, რომელიც აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის წინააღმდეგაა მიმართული. მიმართვის ადრესატი ეკონომიკის სამინისტროა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები