მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბახმაროს პროექტზე შვიდი კომპანია მუშაობდა, რატომ გაკეთდა არჩევანი WilkinsonEyre-ზე?- კომპანიის გამოცდილება

ორბი

ბახმაროში კომპანია „ორბი ჯგუფის“ მიერ წარდგენილ პროექტზე ბრიტანულმა კომპანია WilkinsonEyre-მა იმუშავა, რომელსაც კომპანია მსოფლიოში ტოპ არქიტექტურული კომპანიების ხუთეულში მყოფად იხსენიებს.

თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა „ურბანული განვითარების ინსტიტუტმა, სადაც ამბობენ, რომ ის „არცერთი წყაროსა და სარეიტინგო პლატფორმით არ არის არც ტოპ ათეულში, არც ტოპ ასეულში და არც ტოპ ათასეულში.” ამის მტკიცებულებად ორგანიზაციას მსოფლიოში ყველაზე დიდი არქიტექტურული ფირმების რეიტინგი მოჰყავს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „ორბი ჯგუფი“ ამ საკითხსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა საიტზე არსებული რეიტინგების ჩამონათვალი ვრცელია და სხვადასხვა პარამეტრებს ეყრდნობა. ხოლო ის, რომ WilkinsonEyr მსოფლიოში ავტორიტეტული კომპანიაა, ადასტურებს მათი არაერთი აღიარება მსოფლიოს მასშტაბით და სხვადასხვა ჯილდოები, რომელთა შორისაა მაგალითად "სტირლინგის" ჯილდო, რომელიც უმაღლესი კატეგორიაა ბრიტანეთის არქიტექტურაში. WilkinsonEyr-ის პორტფელშია ბერტჰოლდ ლუბეტკინის სახელობის პრიზიც.

ასევე WilkinsonEyr-ის პორტფელშია სინგაპურის ცნობილი ბაღების პროექტი, გუანჯოუს ფინანსური ცენტრი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლეანის ბიბლიოთეკის სრული რეაბილიტაცია და ლონდონის კალათბურთის არენის პროექტი, რომელიც 2012 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის შეიქმნა და ყველაზე ეკოლოგიურ პროექტად მიიჩნევა. კომპანია 40 წელია ოპერირებს და მათი ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 40 პროექტი აქვს შესრულებული.

დღეს კომპანია „ორბი ჯგუფში“ განაცხადეს, რომ მათთან ერთად, პროექტის შექმნაზე ერთდროულად შვიდი სხვადასხვა კომპანია მუშაობდა, რომლებმაც ერთიანი მიდგომით და კონცეფციით, ერთგვაროვანი განვითარების გეგმა დადეს, მათგან კი საუკეთესო პროექტად, სწორედ WilkinsonEyr დასახელდა.

პროექტზე მომუშავე კომპანიების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

1.Tago

2. Ooda

3. Book Met

4. ⁠Mad Architects

5. ⁠Rafael De La-Hoz

6. Chapman Taylor

7. ⁠Gmp

„კომპანიას არც დრო და არც ფინანსები ამ პროექტთან დაკავშირებით არ დაუზოგავს იმისთვის, რომ მიეღო საუკეთესო პროექტი ბახმაროსთვის. მინდა გჯეროდეთ, რომ მოცემულ შემთხვევაში კომპანიას არ აქვს არანაირი ინტერესი, რომ დააზიანოს და გაანადგუროს ბახმაროს ლანდშაფტი. ჩვენი მიზანია ის საუკეთესო კურორტად იქცეს და ამისთვის მსოფლიოში არსებული ყველაზე წარმატებული მაგალითები გამოვიყენოთ რომელიც მოქმედებს შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის, ავსტრიის, სკანდინავიის და ნებისმიერ სამთო კურორტებზე. სწორედ ამისთვის ჩვენ არა მხოლოდ WilkinsonEyr-ს არამედ შვიდ სხვადასხვა საერთაშორისო, წამყვან კომპანიებს დავუკვეთეთ პროექტი და მივეცით დავალება, რომ პროექტი თავისი შეხედულების მიხედვით გენგეგმების გათვალისწინებით შეემუშავებინათ.

თან წამოვიღე დღეს ეს პროექტები საჩვენებლად. ეს არის მაგალითად ⁠Mad Architects, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ბიუროა. ეს არის Chapman Taylor-ის კონცეფცია, რომელიც ასევე წამყვანი კომპანიაა. ეს არის Rafael De La-Hoz-ის პროექტი რომელმაც ასევე იმუშავა ბახმაროზე. ეს არის პორტუგალიური კომპანია Ooda-ას მიერ წარმოდგენილი პროექტი ბახმაროსთან მიმართებით. ეს არის გერმანული კომპანია ⁠Gmp, რომელიც ასევე წამყვანი არქიტექტურული კომპანიაა.

საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ თუ როგორ უნდა განვითარებულიყო კონკრეტული მიწის ნაკვეთის არეალი იმაზე უფრო კარგად ვიდრე ამ კომპანიებს შეეძლოთ, ჩვენი ქართველი სპეციალისტების ჩართულობით, ვფიქრობდით, რომ ამაზე უკეთესს გზას, ჩვენ ვერ ავირჩევდით. ეს კომპანიები არ გვანებივრებენ იმით, რომ მოცემულ შემთხვევაში გარკვეული შეღავათებით ვისარგებლოთ. ამას იმიტომ ვახსენებ, რომ ინტერესი მხოლოდ ერთია, რომ მიიღოს საუკეთესო პროექტი. ეს ინტერესი რომ არ ყოფილიყო ერთდროულად შვიდ კომპანიას არ გავაკეთებინებდით პროექტს. შვიდივე კომპანია მუშაობდა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, დავალება ჰქონდა ყველას ერთი. ჩვენ არ შეგვიზღუდავს ისინი რაიმე ფორმით. ყველა კომპანია ჩამოვიყვანეთ ბახმაროში იმისთვის, რომ გასაგები ყოფილიყო ის ავთენტური სივრცე და გარემო, რომელიც კურორტს გააჩნია. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ შვიდივე კომპანიის მიდგომა და კონცეფცია იყო ერთგვაროვანი, რომ თუ გვინდა რომ მინიმალურად შევეხოთ ლანდშაფტს, მაშინ უნდა განხორციელებულიყო ცენტრალიზებული სერვისების მქონე მრავალ ფუნქციური კომპლექსი იმ სიმაღლით, იმ სიგრძით, ინ ინტენსივობით რაც გენგეგმაშია გათვალისწინებული.

კომპანიის გადაწყვეტილებით შერჩეულ იქნა WilkinsonEyr, რომელიც მსოფლიოში წამყვანი ბიუროა. ითქვა რომ არ შედის ასეულში, ათასეულში. შესაძლებელია არსებობდეს მონაცემები სადაც არსებული კომპანია ვერ ხვდება ჩამონათვალში, მაგრამ არსებობს მონაცემები, ჩამონათვალი, ჯილდოები რომელიც მათ აქვთ. ალბათ ყველაზე სწორი საზომი კი არის ის პროექტები, რომელიც მათ აქვთ შესრულებული,“ - განაცხადა პრესკონფერენციაზე ირაკლი კვერღელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები