მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გადაუმოწმებელი ინფორმაცია ზვავის საკითხზე, საფრთხეში აგდებს კურორტის შემდგომ განვითარებას“ – „ორბი ჯგუფი“

ორბი

კომპანია „ორბი ჯგუფმა“ დღეს თბილისში, ბახმაროს მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის პროექტთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გამართა. პრესკონფერენციას „ორბი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ბახმაროს პროექტის ავტორთან, არქიტექტურული კომპანია WilkinsonEyre-ის პარტნიორთან და დირექტორთან სემ ვრაითთან ერთად უძღვებოდა.

შეხვედრის ფარგლებში კომპანიამ მედიას ჩატარებული კვლევების შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინა. მათი თქმით, პროექტის ფარგლებში ჩატარდა გეოლოგიური კვლევა, რომელზედაც კომპანია შპს „ჯეოინჟინერინგმა“ იმუშავა. მის შედეგებზე დაყრდნობით, ტერიტორიაზე მშენებლობა დასაშვებად მიიჩნევა. კომპანიის დირექტორი ირაკლი კვერღელიძე ამბობს, რომ არსებულ დასკვნას ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, რომელმაც კვლევის სანდოობა დაადასტურა.

„მინდა შევეხო უსაფრთხოების ნაწილს. ძალიან ვწუხვარ, მოცემულ შემთხვევაში ვრცელდება არასწორი ინფორმაცია ზვავსაშიშ ზონებთან დაკავშირებით. ადამიანების ნაწილი აცხადებს, რომ არანაირი კვლევა, კომპანიას არ აქვს ჩატარებული. მინდა აღვნიშნო, რომ „ორბი ჯგუფმა“ ფრანგ სპეციალისტებთან ერთად 2023 წელს ჩაატარა ზვავის საფრთხის შეფასება, თუმცა ვიდრე ამ შეფასებაზე გადავიდოდე, მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ გენგეგმით გათვალისწინებული ზვავსაშიში ზონის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობა არ დაპროექტებულა და არც შენდება. საერთოდ არ არის შეხებაში ამ ზონასთან და ამ ტიპის ინფორმაცია არის უბრალოდ სიცრუე. მე უბრალოდ არ მინდა სხვა შეფასება გავაკეთო ამ საკითხზე. როგორც ჩანს ინფორმაციის არქონის გამო დადგა ეს მოცემულობა, თუმცა აღვნიშნავ, რომ ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება საფრთხეში აგდებს კურორტის შემდგომი განვითარების საკითხსაც. თქვენ წარმოიდგინეთ იმ ზონაში, რომელზედაც ეს ადამიანები მიუთითებენ, რომ აი „ორბი“ ზვავსაშიშ ზონაში აშენებს, ამ ტერიტორიის ზედა ნაწილში დაახლოებით 200-მდე ოჯახია დღემდე განთავსებული. მათი შენობები ბახმაროს დაარსებიდან დღემდე არსებობენ ეს არის ე.წ. ბანაკების ტერიტორიაა, რომელიც თითქმის 80 წელს ითვლის. ისინი არასდროს ამ ხნის განმავლობაში არ დაზარალებულად ზვავის გამო.

საერთოდ არ შენდება შენობა-ნაგებობა ამ ზონაში და საზოგადოების ნაწილი შეგვყავს შეცდომაში. ამას გარდა, ამბობ რომ კვლევა არ გაგიკეთებია და არ გაქვთ ამ დროს ამაზე არანაირი ინფორმაცია. კომპანია „გეოგრაფიკთან“ ერთად ფრანგი სპეციალისტები ჩამოვიყვანეთ იმისთვის, რომ ყოველი შემთხვევისთვის ზვავსაშიში ზონები კიდევ ერთხელ გადაგვემოწმებინა. ამ ფონზე ასეთი ტიპის განცხადების გაკეთებისას აუცილებელია სწორი ცნობების ქონა.

ამას გარდა, ახლა მე ხელთ მიჭირავს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც 420 გვერდიანია. ეს არის კომპანია „ჯეოინჟინერინგის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომელიც 2023 წლით თარიღდება. მან თავიდან ბოლომდე შეისწავლა აღნიშნული მიწის ნაკვეთის ყველა პარამეტრი, მისი გეოფიზიკური დინამიკა და საბოლოო ჯამში ის ჩაითალა მშენებლობისთვის დამაკმაყოფილებლად. არანაირ საფრთხე გეოლოგიური კუთხით არ არსებობს. ამ დასკვნაზე ჩატარდა ექსპერტიზაც, სადაც ასევე დადასტურდა გეოლოგიური კვლევის სისწორე. ამიტომაც იმ ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოების ნაწილი შეცდომაში შეიყვანა ვფიქრობ, რომ დროა ინფორმაცია განაახლონ, იმისთვის რომ პროექტის და კურორტის მიმართ შიში არ გავაჩინოთ. ყველას ალბათ ბახმაროს განვითარება გვაინტერესებს, მაგრამ როგორც ჩანს სხვადასხვა გზებით მივდივართ,“ - განაცხადა ირაკლი კვერღელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები