მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია - მამუკა ხაზარაძე

6087fd58f24cd
ინგა მურუსიძე
27.04.21 16:10
1207
"ამ ქვეყანას სჭირდება ეკონომიკური რევოლუცია" - ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გასული 8 წლის განმავლობაში, ქვეყანა მოექცა ჩაკეტილ წრეში, საიდანაც გამოსავალი არ ჩანს, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება.

„ამ პროცესში, ადამიანი არის დავიწყებული. ადამიანი, რომლისთვისაც უნდა მუშაობდეს პარლამენტიც და მთავრობაც. მინდა გითხრათ რამდენიმე ფაქტი, სად ვართ და სად ვიყავით 8 წლის წინ. 2012 წელს ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 16.5 მილიარდი. 2020 წელს კი ჩვენი შიდა პროდუქტი იყო 15.9 მილიარდი. პირდაპირი ინვესტიციები ისტორიულ მინიმუმზეა, ლარის კურსი ბოლო 8 წელიწადში 100%-ით გაუფასურდა დოლართან მიმართებაში.

ისტორიულ მაქსიმუმზეა სოც.დახმარებები და რაოდენობა იმ ადამიანების, ვისაც სახელმწიფო ეხმარება. ისტორიულ მაქსიმუმზეა ქვეყნიდან გასული მოქალაქეების რაოდენობა. მაქსიმუმზეა უმუშევრობა. მინდა გითხრათ, რომ ყველა ინდექსში თითქმის ბოლო ადგილზე ვართ. ამ პერიოდში თქვენ, 6 პრემიერი გამოცვალეთ, 8 წლის განმავლობაში და არც ერთმა პრემიერმა არ გააგრძელა წინა პრემიერის დაწყებული თუნდაც იდეა და პროექტი იმიტომ, რომ არ არსებობს ქვეყნის განვითარების სტრატეგიული პროექტი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანას სჭირდება, ეკონომიკური რევოლუცია.

„წინასაარჩევნოდ ასფალტის დაგება არის ამომრჩევლის მოსყიდვა, იმ ასფალტსაც კი, რომ ვერ აგებს წესიერად. ქვეყანა ჩაფლულია ნეპოტიზმის და კორუფციის ჭაობში. ბიზნესი შესულია გარიგებაში ტენდერების საშუალებით. აი, აქ ვართ დღეს ჩვენ და ეს ქვეყანა ასე არ განვითარდება“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, დეპუტატმა ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა და თქვა, რომ 6 თვე დასჭირდა შეთანხმების მიღწევას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, რაც არის საარჩევნო კანონმდებლობა და სასამართლოს რეფორმა.

„შეთანხმებას დასჭირდა ძალიან დიდი ძალისხმევა, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების ჩართულობა.მე მინდა გითხრათ, რომ დღეს არ ვაპირებდი გამოსვლას, ვიფიქრე შევეგუები, გავიგებ რა ხდება ზოგადად პარლამენტშითქო. მინდა გითხრათ, რომ პირველად ვარ 30 წლის შემდეგ პარლამენტში, როცა დაქირავებული ვარ ქართველი ხალხისა და ამომრჩევლის მიერ. მხოლოდ და მხოლოდ ამიტომ ვარ ახლა თქვენთან“, - განაცხადა ხაზარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები