მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამ ქვეყანაში, მედიის თავისუფლებაზე თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს - ირაკლი კობახიძე სანქციებზე

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანია „იმედისა“ და POSTV-ის სანქცირება ფურცელზე მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვაა, თუმცა პრაქტიკაში ამას ეფექტი ვერ ექნება.

„ტრაგიკულია ეს მდგომარეობა რომელიც დღეს ევროპულ ბიუროკრატიაშია ჩამოყალიბებული. არასერიოზული და სამარცხვინოა“ - ასე აფასებს ირაკლი კობახიძე

გუშინ დაწესებულ სანქციებს ჟურნალისტებთან დღეს გაკეთებული პირველი კომენტარისას. ირაკლი კობახიძე ტელეკომპანიებისა და თითოეული ჟურნალისტის უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა რა ფორმით დაიცავს მათ უფლებებს არ აკონკრეტებს.

„მახსოვს 2007 წელსაც ძალიან ბევრ ადამიანს უხაროდა, როდესაც იმედის მედიის თავისუფლებს ძირითადი უფლება შეილახა. თუ მაშინ იმედის დასანქცირება ეფექტური იყო, ამ შემთხვევაში ეს ფუჭი მცდელობაა, რომ შეიზღუდოს იმედისთვის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება შეიზღუდოს. ფურცელზე ეს არის რა თქმა უნდა მედიის თავისუფლების ძირითადი უფლების შელახვა, მაგრამ პრაქტიკაში ამას ეფექტი ვერ ექნება. ამ ქვეყანაში სახელმწიფო, ხელისუფლება, მთავრობაა პასუხისმგებელი ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის მედიის თავისუფლების უფლებების დაცვაზე.

ჩვენ ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რომ არავის შევალახინებთ ამ ძირითად უფლებას. ადამიანის ძირითადი უფლებები დაცული იქნება როგორც ტელევიზიისთვის, მათ შორის მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება. ასევე თითოეული ჟურნალისტისთვის იქნება დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება, როგორც ტელეკომპანია „იმედში“ ისე „პოსტვ“-ში - ამაზე ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ. არც ერთ ჟურნალისტს არც ერთ ტელეკომპანიაში არ გაუუარესდება მდგომარეობა და პირიქით სრული შესაძლებლობა ექნებათ მედიის თავისუფლებით და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია. მედიის თავისუფლებაზე ამ ქვეყანაში თავიდან ბოლომდე ხელისუფლება აგებს პასუხს“, - აცხადებს კობახიძე.

პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ „იმედი“ და „პოსტვ“ საქმიანობას ჩვეულებრივად გააგრძელებენ და კომპანიები, რომლებიც მათთან თანამშრომლობენ დაცულნი იქნებიან.

„ბანკებიც და ტელეკომპანიებიც დაცული იქნება, ყველა არასამეწარმეო თუ სამეწარმეო სუბიექტი თავის ადამიანის ძირითად უფლებებში ამ ქვეყანაში დაცული იქნება - ამის პირობას ვიძლევი მე. ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ საქართველოში იყოს დაცული მედიის თავისუფლების ძირითადი უფლება“ - განაცხადა კობახიძემ და ჩაკითხვაზე რა კონკრეტული ნაბიჯებს გადადგამს მთავრობა და მოსალოდნელია თუ არა ახალი რეგულაციები, აღნიშნა „[რეგულაციები] შეიძლება თუნდაც, მაგრამ შეიძლება არ დაგვჭირდეს... რატომ გადმოგილაგოთ ეს ვერსიები, ვერსიები გვაქვს ჩვენთვის, თქვენთვის სათქმელი არ არის, ჩვენ მივიღებთ ყველა ზომას მედიის თავისუფლების დასაცავად“.

ხოლო კითხვაზე თუ გააგრძელებენ სანქცირებულ ტელეკომპანიებთან თანამშრომლობას სახელმწიფო კომპანიები, რადგან ამ შემთხვევაში ისინიც რისკის ქვეშ დადგებიან, ირაკლი კობახიძე ასე პასუხობს: „ყველა სახელმწიფო და არასახელმწიფო კომპანიამ უნდა გააგრძელოს ორივე კომპანიასთან თანამშრომლობა, მათ შორის თქვენ ნუ გაქვთ იმის იმედი რომ საქართველოში შეილახება მედიის ძირითადი უფლება, მეწამეობის ძირითადი უფლება“.

ცნობისთვის, 24 თებერვალს რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის, დიდმა ბრიტანეთმა, ორი ქართული ტელევიზია Postv და "იმედი" დაასანქცირა. სანქციები მოიცავს: აქტივების გაყინვას, ტრასტის მომსახურების აკრძალვას და დირექტორის უფლებამოსილების ჩამორთმევის (დისკვალიფიკაციის) სანქციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები