სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ რამდენიმე დღის წინ INVEST IN GEORGIA-ს ანგარიშის პრეზენტაცია გამართა. 25 საერთაშორისო პროექტი, 6 000 ახალი სამუშაო ადგილი და 1 მილიარდი ლარის ინვესტიცია - ანგარიშის თანახმად, ასე გამოიყურება 2020-2023 წლების სააგენტოს საინვესტიციო შედეგები. „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის, მიხეილ ხიდურელის თქმით, სააგენტომ 2020 წელს შემუშავებული სტრატეგია გადაჭარბებით შეასრულა.
სააგენტოს საინვესტიციო შედეგები BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას ტექკომპანია Lineate-ს რეგიონალურმა დირექტორმა გიორგი ციკოლიამ შეაფასა.
მისი მოსაზრებით, ამ რეალობაში, ₾1 მილიარდის მოზიდვა დიდი წარმატებაა.
„ხიდურელი საქმეს შესანიშნავად აკეთებს. ძალიან რთულია დღევანდელ გარემოში, სახელმწიფო ინსტიტუტის მეშვეობით ინვესტიცია მოიზიდო. ოცი წლის წინ საინვესტიციო სააგენტოები ბევრ საქმეს აკეთებდნენ და უფრო ეფექტურები იყვნენ. დღეს ეს ძალიან რთულია - ამ რეალობაში ერთი მილიარდის მოზიდვა დიდი წარმატებაა, თან ამას სააგენტოს ხარჯებს თუ შეადარებთ.
ამასთან დიდი კომპანიები უყურებენ, რომ ჩვენ 4-მილიონიანი ბაზარი ვართ. ბაზრის მსყიდველობითუნარიანობა კი იზრდება, მაგრამ გარკვეულ ქვეყნებს მაინც ჩამოვრჩებით, რაც ინვესტორისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ძირითადად ის ინდუსტრიები ვითარდება, რომელიც არა მარტო შიდა ბაზრით, არამედ რეგიონით არის დაინტერესებული. გიორგი ციკოლია მიიჩნევს, რომ "მათთვის საქართველოდან სხვა ბაზრებზე შესვლა განვითარების გზაა".