მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ამ სეზონზე სადაც წასვლა მომიწია, ყველგან უკმაყოფილება მოვისმინე“ - თაბაგარი

ხევსურეთი

საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარის ია თაბაგარის თქმით, მიმდინარე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ფშავ-ხევსურეთში ტურისტების განსაკუთრებული დეფიციტი შეინიშნება. „საქმიანი დილის“ ეთერში საუბრისას თაბაგარმა აღნიშნა, რომ რაოდენობრივად გაზრდილი სტატისტიკური მონაცემების მიუხედავად, სექტორი მაჩვენებლებით თითქმის ყველა რეგიონში უკმაყოფილოა.

მიზეზებზე საუბრისას თაბაგარი ტურიზმის სტრატეგიის ცვლილებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ევროპული ბაზრის აზიით ჩანაცვლებას ინდუსტრია მომზადებული ვერ შეხვდა.

„ზრდა ალბათ შეიმჩნევა, მაგრამ ჩვენ, ტურიზმის სექტორს დეტალურ ინფორმაციასთან წვდომა აღარ გვაქვს. თუ ინდუსტრიის წარმომადგენლებს მოვუსმენთ, ახლა ივლისის ბოლოა, ანუ სეზონი პიკია და ვერ ვიტყოდი, რომ ზრდა ყველას შეეხო.

შეიძლება არასწორად ვითარდება ქვეყანაში ტურიზმი, სასტუმროები, კვების ობიექტები რაოდენობრივად აჭარბებს იმ მოთხოვნას, რაც არის. მოვუსმინე სასტუმროების ასოციაციასაც და მფლობელებსაც. თბილისში ვერ დავინახე დიდი კმაყოფილება, პირიქით, განსაკუთრებით იმ სასტუმროებში, სადაც დიდი კონფერენციები ტარდება, ასევე არის სხვა ქალაქები და დასახლებები.

სტრატეგია არ შეიძლება უცებ შეიცვალოს და სახელმწიფომ გადაწყვიტოს რომ აზიიდან შემოიყვანოს ბევრი ავიაკომპანია რომელსაც მოჰყვება ტურისტები. ამისთვის შეიძლება ქვეყანი მზად არ იყოს. საქართველო ორიენტირებული იყო ევროპელ ტურისტზე, ახლა უცებ იმდენად ქაოტურად მოხდა ამის ცვლილება, რომ ბაზარი ვერ დაეწია. ხშირად მესმის უკმაყოფილება სასტუმროებისგან, გიდებისგან, მძღოლებისგან, ეს უნდა ყოფილიყო განხილული, დაწერილი უნდა ყოფილიყო მინი სტრატეგია როგორ გადადის ქვეყანა ამ ბაზარზე", - განაცხადა თაბაგარმა.

მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში არის რეგიონები, რომლებიც ძალიან სუსტად არის წარმოდგენილი ტურისტების რაოდენობით, მაგალითად ფშავი და ხევსურეთი.

"მომეჩვენა, რომ ამ რეგიონებში სავალალო მდგომარეობაშია, რადგან მაღალი სეზონის დროს სამშაბათს (და არა შაბათ-კვირას), დავთვალეთ რაოდენობა, გამოვკითხეთ სასტუმროები და ხეობაში მოძრაობდა ალბათ 30-40-მდე ტურისტი.

წინა წლებში ჩვენ გავაკეთეთ კვლევა, რომლის მიხედვითაც მინიმუმ 300 ტურისტი უნდა იყოს იმისათვის, რომ ეკონომიკური აღმავლობისკენ წავიდეს ეს მხარე. ძალიან გულდაწვეტილი მასპინძლები შეგვხვდნენ იმის გამო, რომ სეზონი მოკლეა, სულ 1,5 თვე რჩება. ეს ეხება შატილს, არხოტს, არაგვის ხეობაში განლაგებულ ინფრასტრუქტურას. საკმაოდ მწირია და ესეც არ არის შევსებული. შედარებით არიან ტურისტები სვანეთში. მესტიაშია დიდი თავმოყრა ტურისტული ინფრასტრუქტურის, ეს ამეტებს მოთხოვნას, რაც პრობლემაა. შეძლება ადრეც ამდენი ტურისტი დადიოდა, მაგრამ ჰყოფნიდა იმ ბიზნესებს, ახლა აღარ ყოფნის, სადაც ამ სეზონზე მომიწია წასვლა, ყველგან მოვისმინე უკმაყოფილება“, - განაცხადა თაბაგარმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები