ბიზნესმენი, კომპანია „დიოს“ დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში თითოეული კანონი დემოკრატიული განვითარების ჭრილში უნდა მიიღებოდეს და არა ამ პროცესის საზიანოდ. მისთვის გაუგებარია რას ემსახურება მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის რეგულირება და შეზღუდვა, რასაც „ოცნების“ მიერ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ინიციირებული ცვლილებები ითვალისწინებს.
„ჩვენ ვიცით, რომ არსებობს დიდი ხნის წინ დამკვიდრებული მიდგომა, დაპირება, რომ საქართველოში უნდა იყოს ევროპული სტანდარტის დემოკრატია, რაც ბიზნესის და თითოეული ადამიანის თავისუფლებას ეხება. ანუ თითოეული კანონი ამ ჭრილში უნდა იყოს განხილული - წაადგება თუ არა ჩვენი ქვეყნის განვითარებას და ევროპულ მომავალს. დემოკრატია საქართველოს მომავლის ერთადერთი დაცვაა, სხვა ინსტრუმენტი და საშუალება ასეთ რეგიონში არ გვაქვს. ამიტომ თითოეული ადამიანის ინტერესი უნდა იყოს უმაღლესი სტანდარტის დემოკრატია“, - აცხადებს თამაზ დაუშვილი.
BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ საკანონმდებლო ინიციატივის, რომელიც ბიზნესის პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართულობას ზღუდავს, შეფასებისას „დიოს“ დამფუძნებელს სხვადასხვა მაგალითი მოჰყავს, რაც შეიძლება ბიზნესსაქმიანობიდან გამომდინარე მეწარმეს პოლიტიკურ აქტივობად ჩაეთვალოს, თუმცა ამბობს, რომ ბიზნესის პოლიტიკური აქტივობით ზეგავლენის მოხდენა მისთვის ზოგადი ცნებაა და კარგი იქნებოდა თუ კანონმდებლები დააკონკრეტებდნენ რა ჩაითვლება პოლიტიკურ აქტივობად და რა - არა.
„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ კანონმდებლები დაფიქრდებიან და უფრო სერიოზულად მიუდგებიან ამ საკითხს“, - ამბობს თამაზ დაუშვილი და აღნიშნავს, რომ ქვეყნის პოლიტიკაში ბიზნესს ნეგატიურ როლს ვერ ხედავს.
„აქამდე, პრინციპში, თავისუფლად და დაცულად ვგრძნობდით თავს, მაგრამ ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ბიზნესს რაღაც გარკვეულ ჩარჩოებს უყენებს, რამდენად ჯდება ევროპულ სტანდარტებში არ ვიცი. შესაბამისად, რა საჭიროებიდან გამომდინარეობდა ბიზნესისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესება არ ვიცი. პოლიტიკური საქმიანობა მხოლოდ ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა ხომ არ არის. პოლიტიკური მოთხოვნა შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, იყოს მაგალითად, თუ ბიზნესს სჭირდება გარკვეული, გზის მიყვანა თავის ინფრასტრუქტურასთან, მას აქვს პრეტენზიები და პირობითად დაბეჭდა გარკვეული ბუკლეტები და გაავრცელა ან რაღაც გარკვეული აქტივობა დაგეგმა, არ ვიცი, როგორ პროტესტის მსგავსი. ე.ი. გამოდის, რომ ესეც როგორც ვხვდები, ასეთი ტიპის რეგულაციაში ხვდება - ეს არ არის კარგი. მაგალითისთვის, ნავთობის ასოციაციაში გაერთიანებულმა ბიზნესმა გადაწყვიტა აქციზის შემცირება მოითხოვოს, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საქმიანობა დააფინანსეს - ვთქვა, ავტომობილების მძღოლებს ურიგებენ ბუკლეტებს, ესეც გამოდის რომ არ შეიძლება, რადგან ესეც ხომ პოლიტიკაა - საგადასახადო პოლიტიკაზე ზეგავლენა ხომ არის.
როდესაც სამართლებრივ, თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ, იქ ბიზნესსაც, საქმის კეთება და ბიზნესის კეთება უფრო ეხალისება. ჩვენ ბიზნესმენები არ ვართ მხოლოდ ის ხალხი, რომელსაც ყველაფერი აწყობილი აქვს და მარტო უნდა მივიდეთ დილას, კომპიუტერი ჩავრთოთ და მერე წავიდეთ სახლში და ეს არის ჩვენი საქმიანობა. ბიზნესის მართვა და წარმართვა, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, სადაც ჩვენ ვართ, ძალიან რთულია. შესაბამისად, ბიზნესის ხელშეწყობაზე დიდი ხანია ზოგადად ვლაპარაკობთ, მაგრამ ამ ტიპის საკანონმდებლო ცვლილებები, ჩვენთვის გაუგებარია, რადგან მე ვერ ვხედავ ბიზნესის ნეგატიურ როლს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში. არასდროს დამინახავს გამოკვეთილი ნეგატიური როლი. მით უმეტეს ძალიან ბევრი საშუალო ტიპის ბიზნესია, რომელსაც შეიძლება რაღაც პრობლემები ჰქონდეს, რაზედაც აქამდეც ვერ საუბრობდნენ და თუ მსგავსი მესიჯი მივა, რომ რაღაც კიდევ უფრო მკაცრდება, უფრო დაითრგუნებიან. ჩვენ საკმაოდ დიდ გადასახადებს ვიხდით“, - ამბობს ბიზნესმენი.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, კოდექსს ემატება ახალი მუხლი – „მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობის შესახებ“. პროექტის თანახმად, მეწარმე იურიდიული პირის მიერ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობას არ უკავშირდება, 20 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში 40 000 ლარით.
ამასთან, მეწარმე იურიდიული პირების პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით პარლამენტში ინიციირებულ საკანონმდებლო ცვლილებებში, შესაძლოა, დამატებითი გამკაცრება შევიდეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძის განცხადებით, მისი შეთავაზებაა, რომ მეწარმე იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელება პირველ ჯერზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იწვევდეს, ხოლო განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგეს.




























