ელექტრონული კომერციის უმსხვილესმა კომპანია Amazon-მა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთში ამანათების დრონით 1 საათში მიტანის სერვისს აამოქმედებს. BBC-ის ცნობით, აღნიშნული სერვისი ერთი ლოკაციიდან დაიწყება და ხელმისაწვდომი 2024 წლის მეორე ნახევრიდან იქნება.
Amazon-ი დრონით გადაზიდვის სერვისს 2 კგ-ზე ნაკლები წონის ამანათებზე აშშ-ის ორ შტატს, კალიფორნიასა და ტეხასს, უკვე სთავაზობს, თუმცა დიდ ბრიტანეთში საავიაციო რეგულატორებს ფრენების უსაფრთხო გამოყენების გზებს დიდ ხანს იკვლევდნენ. Amazon-ის განმარტებით, კომპანია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან, რეგულაციების შესათანხმებლად თანამშრომლობდა.
დეივიდ კარბონმა, Amazon Prime Air-ის ვიცე-პრეზიდენტმა, BBC-ს განუცხადა, რომ ბრიტანეთში დრონებით გადაზიდვის სერვისი მოთხოვნადი და “მაღაზიაში ავტომობილით წასვლაზე 100-ჯერ უფრო უსაფრთხოა”.
აღსანიშნავია, რომ Amazon-ი “ულტრა სწრაფი” მიწოდების სერვისის დანერგვაზე აშშ-ს სხვა შტატებსა და იტალიაშიც მუშაობს.
ბრიტანეთის ავიაციის მინისტრი BBC-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ Amazon-ის ახალი სერვისი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დაეხმარება, მომხმარებლებს არჩევანის მრავალფეროვნებას შესთავაზებს და ნულოვანი ემისიების ტექნოლოგიით გარემოზე მავნე ზემოქმედებასაც შეამცირებს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა 2030 წლისთვის კომერციული დრონების სრულად ათვისებას გეგმავს.