მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ი Hyundai-ის ავტომობილებს ონლაინ გაყიდის, Xiaomi-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა - კვირის მთავარი ავტოსიახლეები

bmgauto

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Amazon-ი Hyundai-ის ავტომობილებს ონლაინ გაყიდის


2024 წლიდან Amazon-ი აშშ-ში Hyundai-ის ავტომობილების ონლაინ გაყიდვას დაიწყებს. Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მომხმარებელს Amazon.com-ზე ავტომობილის შერჩევა, სპეციფიკაციების შეცვლა და ყიდვა შეეძლება. მიწოდების დაგეგმვა კი Hyundai-ის ადგილობრივი დილერის დახმარებით მოხდება.

აღსანიშნავია, რომ Hyundai-მ საკუთარი ციფრული შოურუმის გასაფართოებლად Amazon-თან შეთანხმებას ორი წლის წინ მიაღწია. აღნიშნული სიახლე კი სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგია.
ინფორმაციისთვის: პირველად ციფრული შოურუმი Hyundai-მ Amazon-ზე 2018 წელს განათავსა.

Xiaomi-მ პირველი ელექტრომობილი წარადგინა

ჩინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Xiaomi-მ თავისი არსებობის ისტორიაში პირველი ელექტრომობილი წარადგინა. სმარტფონებისა და საოჯახო ტექნიკის მწარმოებელმა კომპანიამ მინიმალისტური დიზაინის მქონე უნივერსალური ავტომობილი შექმნა, რომელიც კომპანიას ახალი ბაზრის ათვისების საშუალებას მისცემს.

ელექტრომობილის სახელწოდებაა SU7 და მისი რამდენიმე ვერსიაა ხელმისაწვდომი, მათ შორის ყველაზე დაბალ კომპლექტაციას 295 ცხენის ძალა აქვს და ის უკანა წამყვანია (RWD). რაც შეეხება ყველაზე მძლავრ ვერსიას, ის 663 ცხენის ძალის მქონე სისტემითაა აღჭურვილი და თან ის ოთხივე წამყვან თვალს (AWD) ფლობს.

SU7-ის უმძლავრესი ვერსიის მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ს აღწევს. საინტერესოა, რომ ელექტრომობილის სამი ვერსია შემდეგი სახელწოდებით იქნება წარმოდგენილი: SU7, SU7 Pro და SU7 Max, რაც სმარტფონის დასახელების სისტემას უფრო ჰგავს, ვიდრე ავტომობილის.

ბატარეის მოცულობასა და მაქსიმალურ მანძილთან დაკავშირებით კომპანიას ოფიციალური კომენტარები ჯერაც არ გაუკეთებიათ, თუმცა ექსპერტები SU7-ში 800-ვოლტიანი არქიტექტურის გამოჩენას ელიან, რაც ბატარეის ძალიან სწრაფ დამუხტვას უზრუნველყოფს.

ჩინური Dongfeng-ი „ჭკვიანი“ ავტომობილების ბრენდს ქმნის


ჩინურმა ავტომწარმოებელმა Dongfeng Motor Group-მა ჭკვიანი ავტომობილების ბრენდირებული ხაზი შექმნა, რომელიც AI ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული. ინფორმაციას Wall Street Journal-ი ავრცელებს.
ახალი ბრენდის სახელი Sharing Intelligence (Yue Xiang Zhi Neng) იქნება, მისი ფუნქციების ჩამონათვალში კი ავტომობილის ინტელექტუალური და ჭკვიანი მართვა შედის. ეს ფუნქცია კი Dongfeng-ის ტექნოლოგიური მიღწევებით იქნება შექმნილი. ავტომობილის სალონიც „ჭკვიანი“ იქნება, „Cloud“ სერვისებზე დისტანციური წვდომით.


ამასთან Dongfeng-მა ცალკე ბრენდი შექმნა, რომელიც ახალი ენერგიის წყაროზე დაფუძნებულ ავტომობილებს გამოუშვებს. ახალი ენერგიის წყარო, NEV, იშიფრება როგორც ელექტროავტომობილების კატეგორია, რომლების მაქსიმალური სიჩქარე 40 კმ/სთ -ია, წონა კი 1400 კგ. კომპანია გეგმავს ამ ხაზით, მომდევნო 3 წელიწადში 10 სხვადასხვა მოდელი აწარმოოს. ჯამში Dongfeng-ის გეგმაა, NEV ავტომობილების 1 მლნ. ერთეული გაყიდოს 2025 წლამდე.

IONIQ 5 N - Hyundai Motor-მა თავისი პირველი პრემიალური ხაზის ავტომობილი წარადგინა

Hyundai Motor-მა თავისი პირველი პრემიალური ხაზის ავტომობილი წარადგინა, IONIQ 5 კროსოვერი, რომელიც N სერიის იქნება. N სერია კომპანიის პრემიალური ხაზი იქნება, ისეთივე როგორც AMG მერსედესისთვის და M ხაზი BMW-სთვის.

სამხრეთ კორეული ავტომწარმოებლის ინფორმაციით, IONIQ 5 N ხელმისაწვდომი 2024 წლის გაზაფხულიდან იქნება. IONIQ-ის N ვარიანტს ორი ძრავი აქვს, რომლებიც ჯამურად 641 ცხენისძალას გამოიმუშავებენ, რაც თითქმის ორჯერ აღემატება სტანდარტული მოდელის ყველაზე მძლავრ ვარიანტს.

Hyundai-ს ცნობით, IONIQ 5 N-ის მაქსიმალური სიჩქარე 260 კმ/სთ იქნება, რაც შეეხება მანძილის დიაპაზონს, კომპანიაში ამაზე განცხადება არ გაკეთებულა.

1962 წლის Ferrari 250 GTO აუქციონზე რეკორდულ $51.7 მილიონად გაიყიდა


1962 წლის Ferrari 330 LM / 250 GTO RM Sotheby’s-მ რეკორდულ $51.7 მილიონად გაყიდა და ის Ferrari-ის ყველაზე ძვირად ღირებული მოდელი გახდა, რომელიც ოდესმე აუქციონზე გაყიდულა. ინფორმაციას The News York Times-ი ავრცელებს. Ferrari-ის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა მოდელმა მიმდინარე წელს საჯაროდ ყველაზე ძვირად გაყიდული კლასიკური ავტომობილის რეკორდიც მოხსნა. გაყიდვამდე თითქმის ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოდელი ცნობილი კოლექციონერის ჯიმ იეგერის საკუთრებაში იყო. RM Sotheby’s-ის წარმომადგენელს ახალი მფლობელის ვინაობა არ გაუსაჯაროებია.


რეკორდის მიუხედავად, ავტომობილის საბოლოო გასაყიდი ფასი მოსალოდნელზე დაბალი აღმოჩნდა. გაყიდვამდე რამდენიმე დღით ადრე, RM Sotheby’s-მა მოდელის ღირებულება $60 მილიონზე მეტად შეაფასა. საწყისი ფასი $34 მილიონი იყო, აუქციონი კი 20 წუთზე ნაკლებ დროს მიმდინარეობდა.
აღსანიშნავია, რომ 1962 წლიდან 1964 წლამდე წარმოებული Ferrari 250 GTO-ს მხოლოდ 36 ეგზემპლარი არსებობს. იტალიური ავტომწარმოებლის აღნიშნული მოდელის მფლობელებს შორის ისეთ სახელებს ვხვდებით, როგორებიც რალფ ლორენი და Pink Floyd-ის დრამერი ნიკ მეისონი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები