მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Amazon-ი OpenAI-ში $10 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს

ტექნოლოგიური კომპანიები
სტატიაში საუბარია:

მსოფლიოს მე-5 უმსხვილესი კომპანია Amazon-ი ამერიკის უდიდეს სტარტაპ OpenAI-ში $10 მილიარდის ჩადებას გეგმავს. არსებული ინფორმაციით, ჯეფ ბეზოსისა და სემ ოლტმენის გუნდებს შორის მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს. თუ შეთანხმება შედგება, ხელოვნური ინტელექტის წამყვანი მოდელის, ChatGPT-ს შემქმნელი კომპანიის შეფასება $500 მილიარდს გადააჭარბებს.

როგორც Reuters-ს წყარო უყვება, მხარეები საბოლოო პოზიციაზე ჯერ ვერ ჯერდებიან, რადგან როგორც ერთ, ისე მეორე აქტორს საკუთარი ინტერესების გატარება სურს. განიხილება სცენარი, რომლის მიხედვითაც OpenAI Nvidia-ს ჩიპებზე დამოკიდებულებას შეამცირებს და Amazon-ის ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე Trainium-ის ჩიპებს გამოიყენებს. სანაცვლოდ, სტარტაპი AI მოდელის ისეთ კორპორაციულ ვერსიას შექმნის, რომელსაც Amazon-ი აქტიურად გამოიყენებს.

თუ სტარტაპსა და ტექ-გიგანტს შორის შეთანხმება დაიდება, ეს AI მიმართულებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიცია იქნება და OpenAI-ს საჯარო კომპანიად გადაქცევისა და ბირჟაზე დალისტვისთვის პოზიციების გამყარებაში დაეხმარება. ცნობისთვის, სემ ოლტმენის სტარტაპი მოელის, რომ აქციების საჯაროდ განთავსებით კომპანიის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონს გადააჭარბებს. Reuters-ი აღნიშნავს, რომ OpenAI-სა და Amazon-ს შორის მოლაპარაკებების გამართვას ხელი სტარტაპის Microsoft-თან ურთიერთობების გადალაგებამ შეუწყო. მართალია, ტექ-გიგანტი სემ ოლტმანის კომპანიის აქციების 27%-ს ფლობს და OpenAI-სთვის ქლაუდ სერვისის ექსკლუზიური მიმწოდებელია, თუმცა პროცესში სხვა მსხვილი აქტორების შემოყვანა მის ინტერესებშიც შედის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები