ამერიკულმა ელექტრონული კომერციის გიგანტმა, Amazon-მა დააანონსა, რომ მომავალი სამი წლის განმავლობაში პოლონეთში 23 მილიარდ ზლოტზე, ანუ , დაახლოებით €5.4 მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ჩადებს.
კომპანიის ევროპული ქსელის ვიცე-პრეზიდენტის, მარიანჯელა მარსელიას განცხადებით, ეს გადაწყვეტილება პოლონეთის „შთამბეჭდავი“ ეკონომიკური ზრდითაა განპირობებული.
მისი თქმით, პოლონეთი უკვე შედის მსოფლიოს 20 უმსხვილეს ეკონომიკას შორის და Amazon-ი აპირებს აქტიურად შეუწყოს ხელი ქვეყნის ამ პოზიციის გამყარებას.
ამავდროულად, კომპანიამ გამოაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სოფელ დობრომიერჟში, თავის მე-12 ლოგისტიკურ ცენტრს გახსნის. ახალი ობიექტი 1,000-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს. ცნობისთვის, 2012 წლიდან დღემდე Amazon-ს პოლონეთში უკვე 45 მილიარდი ზლოტი ($12 მლრდ.) აქვს დაბანდებული, რამაც 19,000 პირდაპირი სამუშაო ადგილი შექმნა. გარდა სადისტრიბუციო ცენტრებისა, კომპანიას პოლონეთში აქვს Amazon Web Services-ის ოფისები და ტექნოლოგიური განვითარების სამი ცენტრი: ვარშავაში, კრაკოვსა და გდანსკში.
როგორც მთავრობაში აცხადებენ, Amazon-ის მიერ ინვესტიციის გაზრდა პოლონეთში ელექტრონული კომერციის ბაზრის სწრაფ განვითარებას ასახავს. როგორც ცნობილია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამ სექტორის ბრუნვამ თითქმის 93 მილიარდი ზლოტი ($24.5 მლრდ.) შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 6.9%-იანი ზრდაა. კვლევების თანახმად, პოლონელების სამი მეოთხედი ონლაინ შოპინგს თვეში ერთხელ მაინც მიმართავს. მნიშვნელოვანია ითქვას ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ Amazon-ი გლობალური ლიდერია, პოლონეთის ბაზარზე მას კვლავ ძლიერ კონკურენციას უწევს ადგილობრივი პლატფორმა Allegro.




























