Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი იმ ინვესტორთა კონსორციუმს შეუერთდეს, რომელიც „ლივერპულის“ აქციების ნაწილის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს.
Sky News-ის ინფორმაციით, ბეზოსმა ამ საკითხზე უკვე გამართა მოლაპარაკებები კონსორციუმთან, რომელსაც ხელმძღვანელობს ამიტ ბჰატია - მილიარდერი ფოლადის მაგნატის, ლაკშმი მიტალის სიძე.
თუმცა წყაროს ცნობით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რომ ბეზოსი საბოლოოდ ინვესტიციას ნამდვილად განახორციელებს.
Forbes-ის შეფასებით, Amazon-ისა და კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებლის ქონება დაახლოებით $257 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოს მეოთხე უმდიდრეს ადამიანად აქცევს.
ბეზოსი წარსულშიც ინტერესდებოდა სპორტულ კლუბებში ინვესტირებით. მედიის ინფორმაციით, მან ადრე შეისწავლა NFL-ის კლუბების - “Seattle Seahawks-ისა” და “Washington Commanders-ის” - შეძენის შესაძლებლობაც, თუმცა საბოლოოდ არცერთი გარიგება არ შედგა.
თუ ბეზოსი „ლივერპულში“ მართლაც დააბანდებს ფულს, ეს ინგლისურ ფეხბურთში ამერიკული კაპიტალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესვლა იქნება.
ამჟამად პრემიერ ლიგის 20 კლუბიდან დაახლოებით ნახევარი ამერიკელ ინვესტორებს ეკუთვნით, მათ შორის არიან მოქმედი ჩემპიონი „არსენალიც“.
Financial Times-ის ცნობით, ამიტ ბჰატიას კონსორციუმსა და „ლივერპულის“ მფლობელ კომპანია Fenway Sports Group (FSG)-ს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები კლუბს არანაკლებ $6 მილიარდად აფასებს.
ამიტ ბჰატიამ მიმდინარე კვირაში უარი თქვა ჩემპიონშიფის კლუბ “Queens Park Rangers-ში” საკუთარ წილზე, რათა „ლივერპულში“ დაგეგმილი ინვესტიციისთვის გზა გაეხსნა.
ჯერ უცნობია, გახდება თუ არა ეს გარიგება მომავალში კლუბის სრული მფლობელობის შეცვლის წინაპირობა, თუმცა საფეხბურთო წრეებში უკვე წლებია საუბრობენ, რომ FSG ერთ ეტაპზე „ლივერპულის“ სრულად გაყიდვასაც განიხილავს.




























