Amazon-ის რამდენიმე სერვისს, მათ შორის Prime Video-სა და Alexa-ს, ტექნიკური პრობლემები შეექმნა, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი სერვისებით სარგებლობას ვერ ახერხებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიგი პრობლემები ფიქსირდება Amazon Web Services-სთვისაც, რომელიც, ძირითადად, მთავრობებს, კომპანიებსა და უნივერსიტეტებს ემსახურება.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ტექნიკური ხარვეზების გამომწვევი მიზეზი დადგენილია, თუმცა ჯერჯერობით ვერ ზუსტდება, რა დრო დასჭირდება პრობლემის აღმოფხვრას. Amazon-ში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ჩამოთვლილ სერვისებზე ტექნიკური შეფერხებები უმეტესად აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილში შეინიშნება.
მომხმარებლების თქმით, მათ Amazon-ის სავაჭრო ვებგვერდზე შენიშნეს მუშაობის შენელებული პროცესი, ხოლო მოგვიანებით რიგი სერვისები საერთოდ გაითიშა. კომპანიაში ამ დროისთვის პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურად მუშაობენ.
ცნობისთვის, Amazon-ისთვის წელს ტექნიკური შეფერხების უკვე მესამე შემთხვევაა. ივნისში დაახლოებით 40,000-მა მომხმარებელს Alexa და Prime Video მცირე ხნით გაეთიშა.




























