პარასკევს, 24 ნოემბერს Amazon-ის თანამშრომლებმა ევროპის მასშტაბით საპროტესტო ტალღა წამოიწყეს, რისი მიზეზიც ელექტრონული კომერციის გიგანტის მიერ “შავ პარასკევს”, რითეილერებისთვის ყველაზე დატვირთულ დღეს, დანერგილი სამუშაო პრაქტიკაა.
“Make Amazon Pay” კამპანიის ფარგლებში გაფიცვებმა და პროტესტმა 30 ქვეყანაზე მეტი მოიცვა. გერმანიაში, რომელიც Amazon-ისთვის გაყიდვების მოცულობით რიგით მეორე უმთავრესი ბაზარია, კომპანიაში საშუალოდ 2 000-მდე თანამშრომელი გაიფიცა. რეინბერგის საწყობში კი გაფიცულ თანამშრომელთა რაოდენობა 500-ს აღწევს, რაც სრული სამუშაო ძალის 40%-ია.
Amazon-ის წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ პროტესტს თანამშრომელთა მცირე რაოდენობა უერთდება და კომპანია დასაქმებულებს ღირსეულ ხელფასს უხდის. მისი განმარტებით, საწყისი ხელფასი საათში 14 ევროსაც კი აღემატება.
საპროტესტო აქციები გაიმართა ინგლისშიც, სადაც Amazon-ის თანამშრომლები ანაზღაურების მომატებასა და უკეთეს სამუშაო პირობებს ითხოვენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ საპროტესტო ტალღა შეძენილი ნივთების მიწოდებას არ შეაყოვნებს და საოპერაციო ნაწილი კვლავ გამართულია.