მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Amazon-ის შემოსავალმა II კვარტალში $200.6 მილიარდს მიაღწია

Amazon
სტატიაში საუბარია:

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Amazon-მა 2026 წლის მეორე კვარტალში $200.6 მილიარდის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ით მეტია. კომპანიის წმინდა მოგებამ $62.6 მილიარდი შეადგინა, ხოლო თითო აქციაზე მოგება $5.75-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში Amazon-ის წმინდა მოგება $18.2 მილიარდს, ხოლო თითო აქციაზე მოგება $1.68-ს შეადგენდა, ამჯერად ფინანსურ ზრდაზე მნიშვნელოვანი გავლენა Anthropic-ში განხორციელებულმა ინვესტიციებმა იქონია. ამ მიმართულებით მიღებულმა არასაოპერაციო შემოსავალმა $53.4 მილიარდს მიაღწია.

ამასთან, კომპანიის საოპერაციო მოგება 43%-ით გაიზარდა და $27.5 მილიარდი შეადგინა. სეგმენტების მიხედვით, ყველაზე სწრაფი ზრდა ღრუბლოვანმა სეგმენტმა AWS-მა დააფიქსირა. ამ მიმართულების შემოსავალი 37%-ით გაიზარდა და $42.2 მილიარდს მიაღწია. ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში გაყიდვები 16%-ით გაიზარდა და $116.2 მილიარდი შეადგინა, ხოლო საერთაშორისო სეგმენტში შემოსავალმა 15%-იანი ზრდით $42.2 მილიარდს მიაღწია. პარალელურად, სარეკლამო მიმართულების შემოსავალი 26%-ით გაიზარდა, ხოლო ხელოვნური ინტელექტისა და ჩიპების წარმოების წლიურმა შემოსავალმა $25 მილიარდს გადააჭარბა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ მესამე კვარტალში Amazon-ი შემოსავლების $197.0 მილიარდიდან $202.0 მილიარდამდე გაზრდას ელოდება. საოპერაციო მოგების პროგნოზი კი $22.5 მილიარდიდან $26.5 მილიარდამდე შუალედში განისაზღვრა. საყურადღებოა, რომ Meta-სა და სხვა ტექ-გიგანტების მსგავსად ჯეფ ბეზოსის კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადებიც მკვეთრად, $7.6 მილიარდით შემცირდა, რაც ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურასა და აღჭურვილობაში განხორციელებულმა $66.1-მილიარდიანმა ინვესტიციებმა გამოიწვია.

ცნობისთვის, Amazon-ი 1994 წელს დაარსებული ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტია, რომელიც ელექტრონული კომერციის, ღრუბლოვანი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის სექტორში ოპერირებს. კომპანიის სათავო ოფისი ვაშინგტონის შტატის ქალაქ სიეტლში მდებარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები