დატა ცენტრების ამერიკული გიგანტი, Amazon Web Services 2031 წლამდე სამხრეთ კორეაში $5 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. საუბარია ხელოვნურ ინტელექტზე მორგებული დატა ცენტრების მშენებლობაზე, რომელიც აზიურ ქვეყანას AI ინდუსტრიის ჰაბად ქცევაში დაეხმარება. გადაწყვეტილების გამოცხადებას წინ უძღოდა AWS-ის აღმასრულებელი დირექტორის, მეტ გარმანისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი ჯე-მიუნგის შეხვედრა APEC-ის სამიტზე.
ამავე ღონისძიებაზე გარმანმა აღნიშნა, რომ AWS-ი APEC-ის წევრ 14 სხვადასხვა ქვეყანაში ჯამურად $40 მილიარდის ინვესტიციებს 2028 წლის ბოლომდე განახორციელებს. ცნობისთვის, აზია-ოკეანეთის ეკონომიკური გაერთიანების წევრები არიან ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა ახალი ზელანდია, ავსტრალია, კანადა, ჩილე, მექსიკა, პერუ და ვიეტნამი.
რაც შეეხება სამხრეთ კორეაში დაგეგმილ ინვესტიციას, როგორც გარმანი ამბობს, ახალი AI დატა ცენტრი დედაქალაქ სეულის სიახლოვეს აშენდება და ქვეყნის ტექ-გიგანტებს შესაბამისი სერვისით მოამარაგებს.




























