ტექნოლოგიურმა გიგანტმა Amazon-მა ჰუმანოიდი რობოტების მწარმოებელი ნიუ-იორკული სტარტაპი, Fauna Robotics-ი შეიძინა. გარიგების ფინანსური დეტალები არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ სტარტაპის 50-მდე თანამშრომელი Amazon-ის გუნდს შეუერთდება.
Fauna Robotics-ი თავისი „მეგობრული“ ჰუმანოიდი რობოტით, Sprout-ით არის ცნობილი და ის $50,000 დოლარი ღირს. აღსანიშნავია, რომ Sprout-ი სპეციალურად მომხმარებლებთან უსაფრთხო და მარტივი ინტერაქციისთვის არის შექმნილი.
როგორც ირკვევა, Amazon-ი ამ შესყიდვით ჰუმანოიდი რობოტების მზარდ ბაზარზე პოზიციების გამყარებას გეგმავს. ბაზარზე, სადაც მისი მთავარი კონკურენტი ილონ მასკის Tesla და მისი პროექტი Optimus-ი არიან. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც ერთი კვირის წინ Amazon-მა შვეიცარიული კომპანია Rivr-იც შეიძინა. საუბარია ფირმაზე, რომელიც ამანათების კარამდე მიტანის ავტომატიზაციაზე მუშაობს. ექსპერტების შეფასებით, კომპანია ცდილობს, საწყობების რობოტიზაციის ათწლიანი გამოცდილება ახლა უკვე უშუალოდ მომხმარებელთა ყოველდღიურ ცხოვრებაში გადაიტანოს.
ცნობისთვის, Fauna Robotics-ი 2024 წელს Meta-სა და Google-ის ყოფილმა ინჟინრებმა დააფუძნეს. მათმა პირველმა პროდუქტმა, Sprout-მა აღიარება მალევე მოიპოვა და ისეთი გიგანტების ყურადღება მიიპყრო, როგორებიც Disney და Boston Dynamics-ი არიან. თუმცა, საბოლოოდ სტარტაპი ბეზოსის ხელში აღმოჩნდა. შეხსენებისთვის, Amazon-ს სახლის რობოტების შექმნის გამოცდილება რობოტ Astro-ს სახით uკვე აქვს, თუმცა, ტექ-მიმომხილველების შეფასებით, Fauna-ს შეძენა იმაზე მიანიშნებს, რომ კომპანია გაცილებით რთული, ორფეხა ჰუმანოიდური სისტემების განვითარებას აპირებს.




























