მსოფლიოს უმსხვილესმა ონლაინმაღაზიამ, ამერიკულმა Amazon-მა ჭკვიანი მტვერსასრუტების მწარემოებელი ამერიკული კომპანიის, iRobot-ის შესყიდვა გადაიფიქრა, რაც რამდენიმე ქვეყნის მარეგულირებელი ორგანოს მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს უკავშირდება.
გამომდინარე იქიდან, რომ Amazon-ი მსოფლიოს უდიდესი ონლაინმაღაზიაა, რომელიც, ამასთანავე, ბაზრის საკმაოდ დიდ წილს ფლობს ჭკვიანი მოწყობილობების მიმართულებით, ეს გარიგება, მალევე მოხვდა ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის ყურადღების არეალში, ხოლო კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც მარეგულირებელი თავის დროზე ამბობდა, არსებობს რისკი, ამ გარიგებამ Amazon-ს მისი კონკურენტების დაჩრდილვის საშუალება მისცეს.
ევროკავშირთან ერთად, Amazon-ის მიერ iRobot-ის შესყიდვას სწავლობს აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია, ხოლო გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის მარეგულირებელმა ტრანზაქციას მწვანე შუქი აუნთო, რადგან, მათი შეფასებით, ასე, ქვეყანაში არსებული კონკურენცია დიდად არ შეიზღუდებოდა.