ტექნოლოგიური გიგანტი Amazon-ი წონაში კლების პრეპარატების მზარდ ბაზარზე პოზიციებს აძლიერებს და ახალ პროგრამას აანონსებს, რომელიც პოპულარულ GLP-1 კლასის პრეპარატებზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად გაზრდის.
Amazon One Medical-ის ინიციატივა ვირტუალურ ვიზიტებს, რეცეპტების მართვასა და მედიკამენტების მიწოდებას აერთიანებს. ამასთან, Amazon Pharmacy-ის მეშვეობით პაციენტებს წვდომა ექნებათ Novo Nordisk-ის Wegovy-სა და GLP-1 ჯგუფის სხვა თანამედროვე მედიკამენტებზე.
დაზღვევის მქონე პირებისთვის პრეპარატების ფასი თვეში $25-დან დაიწყება, ხოლო დაზღვევის არმქონე მომხმარებლებისთვის აბების ღირებულება $149-ს შეადგენს. რაც შეეხება ინიექციურ საშუალებებს, მათ შორის Wegovy-სა და Eli Lilly-ს Zepbound-ს, მათი ფასი თვეში $299-დანაა ხელმისაწვდომი.
კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას ამ ბაზარზე ლოგისტიკური ქსელი და იმავე დღეს მიწოდების სერვისი იძლევა, რომლის 4500 ქალაქში გავრცელებას Amazon-ი 2026 წლის ბოლომდე გეგმავს.



























