აშშ-ში მცხოვრებ Amazon Prime-ის მომხმარებლებს 24-საათიანი წვდომა ექნებათ One Medical-ის ტელემედიცინის 24-საათიან სერვისთან და ამისათვის მათ ცალკე საფასურის გადახდა არ მოუწევთ. Amazon-მა კომპანია One Medical-ი სწორედ მიმდინარე წელს შეიძინა თითქმის $4 მილიარდად და ახლა უკვე მისი სერვისები მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი.
One Medical-ი გამოწერის ბიზნესმოდელის მქონე ჯანდაცვის ქსელია, რომელსაც, როგორც წესი, მომხმარებლები ჯანმრთელობის დაზღვევასთან ერთად ყიდულობენ. One Medical-ის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ტელემედიცინის ონლაინსერვისით 24/7-ზე რეჟიმში ისარგებლონ, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, იმავე ან მაქსიმუმ მეორე დღეს ექიმს ფიზიკურადაც შეხვდნენ, კომპანიის საკუთრებაში არსებული 200 კლინიკიდან ერთ-ერთში.
ვიზიტის დაჯავშნა და მისთვის კვირების და ზოგჯერ თვეების განმავლობაში ლოდინი, სამსახურიდან გათავისუფლება, კლინიკამდე მისვლა, მანქანის გასაჩერებელი ადგილის მოძებნა და მოსაცდელ ოთახში დაყოვნება – ყველაფერი ეს იმისთვის, რომ ექიმთან რამდენიმე წუთი გაატაროთ და შემდეგ უკვე აფთიაქისკენ მიაშუროთ, სწორედ ესაა ის პროცესი, რომელსაც One Medical-ი ამარტივებს.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ One Medical-ი მომხმარებლებს პრემიუმ-ხარისხის, ინოვაციურ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს.
ზოგადად, ჯანდაცვის გლობალური ინდუსტრია დაახლოებით 8 ტრილიონიანი ბაზარია, რომელზეც რამდენიმე მსხვილი ამერიკული კომპანია დომინირებს, მათ შორისა: UnitedHealth და Johnson&Johnson. ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომელთაც კოლოსალური მოცულობის ფულად რესურსებთან აქვთ წვდომა, დიდი ხანია სურთ ამ ბაზარზე შესვლა, თუმცა ცოდნისა ნაკლებობისა და გამოუცდელობის გამო, ამას ვერ ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი სხვა სამედიცინო-ფარმაცევტული კომპანიების შეძენაა.
One Medical-ის შესყიდვით, Amazon-ი ჯანდაცვის ბაზრის ათვისების რამდენიმე წლის წინ დაწყებულ ტრენდს აგრძელებს. ამ მიმართულებით, ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტი ჯერ კიდევ 2020 წელს გააქტიურდა, როცა Amazon Pharmacy გაუშვა. მოგვიანებით, Amazon-მა ტელემედიცინის საკუთარი პლატფორმა, Amazon Care-ი აამოქმედა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ One Medical-ის შესყიდვით, Amazon-ს პირველადი ჯანდაცვის ბაზარზე შესვლის ძალიან კარგი შანსი ეძლევა.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.