"ამბასადორი ბათუმი აილენდი", ხელოვნურ ნახევარკუნძულზე 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს.
ამ ეტაპზე, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსგან ითხოვს, ბათუმში ხელოვნურ კუნძულსა და ორ ნახევარკუნძულზე მრავალფუნქციური ტურისტული კომპლექსის მშენებლობისთვის განაშენიანების დეტალური გეგმის [გდგ] კონცეფციის შეთანხმებას.
99 797 კვ.მ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს 4-5 შენობა-ნაგებობა. ჯამურად განაშენიანების გეგმა ასეთია, განაშენიანდება 8,4 ჰექტარი, ხოლო 1.3 ჰექტარი გათვალისწინებულია საზოგადოებრივი დანიშნულების პარკის მოსაწყობად.
„ორ ნახევარკუნძულზე, ერთ კუნძულზე სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების განხორციელებამდე შესაძლოა, განხორციელდეს არაუმეტეს 4-5 შენობა-ნაგებობის მშენებლობა, დანარჩენი ფართობის ათვისება განხორციელდება აღნიშნულ დოკუმენტზე სგშ-ს პროცედურის საფუძველზე, შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის შემდგომ“, – აღნიშნულია სივრცითი და ქალაქმშენებლობის უფროსისთვის მიწერილ წერილში.
ნახევარკუნძულებზე ჯამში 24 მაღალსართულიანი [40-50 სართული] შენობის აშენებაა დაგეგმილი. უშუალოდ კუნძულზე კი დაბალი [ვილების ტიპის] განაშენიანება იქნება.
ტერიტორიის განვითარების გეგმის მიხედვით, საცხოვრებელი, სასტუმრო, სავაჭრო, გასართობი, სპორტული, დასასვენებელი, ჯანდაცვის და განათლების ჩათვლით ყველა ძირითადი კომპონენტი განვითარდება. განხილული ფუნქციები ასახულია გდგ-ს კონცეფციაში.
წერილის მიხედვით, "ამბასადორი ბათუმი აილენდის" მიერ სრულად არის დასრულებული წინასწარი კვლევები და ორი კუნძულის/ერთი ნახევარკუნძულის საპროექტო დოკუმენტაცია.
პროექტში ჯამურად გათვალისწინებულია 5.5 ათასი ბინა, 105 ვილა[მიწის ნაკვეთებით], 19 ათასი სერვის აპარტამენტი, 2 ათასი სასტუმროს ნომერი.
2024 წლის აგვისტოში, გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ მიერ შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის მოწყობაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გასცა.
აღსანიშნავია, რომ აქამდე გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ადმინისტრაციული წარმოება სამჯერ შეჩერდა, მათ შორის მესამედ 2 აგვისტოს, რისი მიზეზიც შპს „ტერმინალ 1“-ის წერილი იყო. აღნიშნული კომპანია ბათუმში ნავთობტერმინალს ამუშავებს და არსებული პროექტით ხელოვნური კუნძულის მშენებლობის წინააღმდეგია. სააგენტოში განმარტავენ, რომ ეკონომიკის სამინისტროს პოზიციით, „ტერმინალ 1-სა“ და შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდს“ შორის არსებული მანძილის გათვალისწინებით, არ შეიზღუდება იმ ნავმისადგომზე ტანკერების შემოსვლა-გასვლა, რომლითაც „ტერმინალი 1" სარგებლობს.
ცნობისთვის, „ბათუმი აილენდის“ პროექტი 2021 წელს დაანონსდა. პროექტი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს.
BMG აღნიშნულთან დაკავშირებით, პროექტის ინვესტორი და განმახორციელებელი "ამბასადორი ბათუმი აილენდის" განმარტებას შემოგთავაზებთ.