მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AMD-ის მონაცემთა ცენტრების შემოსავალი გაორმაგდა

amd

ნახევარგამტარების ამერიკულმა მწარმოებელმა AMD-იმ 2026 წლის მესამე კვარტალში შემოსავლის სახით $13.38 მილიარდი მიიღო და უოლ-სტრიტის მიერ პროგნოზირებულ $13.09 მილიარდს გადააჭარბა.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებულ $9.25 მილიარდთან შედარებით 45%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ერთ აქციაზე კორექტირებულმა მოგებამ LSEG-ის ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $1.95-ს გადააჭარბა და $2.09 შეადგინა.

როგორც ირკვევა, AMD-ის ფინანსური ზრდის მთავარი მამოძრავებელი მონაცემთა ცენტრების სეგმენტი აღმოჩნდა. ამ მიმართულების წილი მთლიან შემოსავალში გასული წლის 47%-დან 64%-მდე გაიზარდა, შემოსავალი კი თითქმის გაორმაგდა. კონკრეტიკისთვის, მოთხოვნის მკვეთრი მატება Meta-ს Muse-ის მსგავსმა აგენტურმა აპლიკაციებმა განაპირობა. ცნობისთვის, ეს სისტემები ვირტუალურ მანქანებს ეყრდნობა და საათების განმავლობაში დამოუკიდებლად მუშაობს. ამ პროცესის უწყვეტობისთვის კი AMD-ის სერვერული პროცესორები გადამწყვეტ როლს ასრულებს.

საყურადღებოა, რომ მონაცემთა ცენტრების მხრივ ზრდის პარალელურად, პერსონალური კომპიუტერებისა და გეიმინგის მიმართულებით შემოსავალი წლიურად 8%-ით, $3.7 მილიარდამდე შემცირდა. ცალკეულად გეიმინგის სეგმენტში კლებამ 40%-საც კი მიაღწია.

AMD-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლიზა სუს განცხადებით, კომპანია 2027 წელს სერვერების სეგმენტიდან შემოსავლის გაორმაგებას ელოდება. მან აღნიშნა, რომ მონაცემთა ცენტრებში ხელოვნური ინტელექტის ზრდის ტემპი კიდევ უფრო დაჩქარდება.

რაც შეეხება მიმდინარე წლის მეოთხე კვარტალს, AMD მოელის, რომ შემოსავალი $17 მილიარდი იქნება. კომპანიის მთლიანი მარჟა კი, ანალიტიკოსების მიერ ნავარაუდები 55.3%-ის ნაცვლად, 55%-ს გაუტოლდება.

საყურადღებოა, რომ თუ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაზე ჭარბი დანახარჯების შიშის ფონზე, AMD-ის აქციების ფასი სამი დღის განმავლობაში ეცემოდა, ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, ვაჭრობის დამატებით სესიაზე, კომპანიის აქციების ფასი 8%-ით გაიზარდა.

ჯამურად, მიმდინარე წელს AMD-ის აქციების ღირებულება დაახლოებით 125%-ით არის გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები