ლას ვეგასში მიმდინარე სამომხმარებლო ელექტრონაწარმის გამოფენაზე (CES 2026) ამერიკულმა ტექ-გიგანტმა, AMD-მ თავისი უახლესი წარმოების AI ჩიპები: MI455 და MI440X წარადგინა. საუბარია მოწყობილობებზე, რომლებიც აქამდე არსებულ MI400 ტიპის ჩიპების ოჯახის ნაწილია და გათვლილია OpenAI-ს მსგავსი მომხმარებლებისთვის.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლისა სუმ შემდეგი თაობის MI500 ჩიპების გამოსვლაც დააანონსა. სუს თქმით, მათ წინამორბედზე 1,000-ჯერ უფრო დიდი შესაძლებლობა ექნებათ, თუმცა მათი გამოშვება 2027 წლამდე ვერ მოხერხდება.
AMD-ს ღონისძიებას დაესწრო OpenAI-ს პრეზიდენტი, გრეგ ბროკმანი, რომელმაც პრეზენტაცია დადებითად შეაფასა და თქვა, რომ გამოთვლითი შესაძლებლობების ზრდის ფონზე, კომპანია AMD-ს ჩიპების შეძენას არ გამორიცხავს. როგორც ის ამბობს, ამით ამერიკის უმსხვილესი ტექნოლოგიური სტარტაპი Nvidia-ს ჩიპებზე დამოკიდებულების შემცირებასაც შეძლებს.
MI400 ოჯახის უახლესი წარმომადგენლების წარდგენის პარალელურად, AMD-მ AI კომპიუტერებისთვის განკუთვნილი Ryzen-ის პროცესორებიც წარადგინა. აღნიშნული ჩიპები, ძირითადად, პერსონალური მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. CES 2026-ზე კომპანიამ ჰუმანოიდი რობოტის, GENE.01-ის პრეზენტაციაც გამართა და დააანონსა, რომ მომავალ წლებში ხელოვნური ინტელექტისა და რობოტების ინდუსტრიაში უფრო აქტიურად შევა. თუმცა, კომპანიის მომავალი, მეტწილად, სწორედ იმ ჩიპების წარმატებით გაყიდვაზე იქნება დამოკიდებული, რომლებიც ტექ-გიგანტმა ღონისძიებაზე წარადგინა.
ჩიპების ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია Nvidia-ს აკონტროლებს და თითქმის ყველა ტექნოლოგიური კომპანია გამოთვლით შესაძლებლობებს სწორედ მათი ჩიპების მეშვეობით აძლიერებს.




























