მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

American Express-ი საგადახდო ბარათებს ყველა ქართულ ბანკს შესთავაზებს

American Express

2025 წლის 25 ივლისს, American Express-მა გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც კომპანია მზად არის საკუთარი საგადახდო სისტემა საქართველოს ყველა ბანკისთვის გახსნას. ამავე ინფორმაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს American Express-თან გლობალური ქსელის ბარათების ემისიასა და ექვაირინგზე საქართველოში.

"ამერიკან ექსპრესმა გაავრცელა სიახლე საქართველოში მისი ქსელის პარტნიორებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე. კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს ამერიკან ექსპრესის გლობალურ ქსელის ბარათების ემისიაზე და ექვაირინგზე საქართველოში. სიამოვნებით მოგაწვდით განახლებებს, როგორც კი ახალი ინფორმაცია გვექნება,"- ნათქვამია American Express-ის პრესრელიზში.

არსებული მდგომარეობით, American Express-ის ბარათები მხოლოდ საქართველოს ბანკის მიერ გაიცემა.

ეროვნული ბანკი აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიღებულ გადაწყვეტილებას მიესალმება.

"American Express-ის გადაწყვეტილება საგადახდო სქემის გახსნის შესახებ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს საგადახდო ინდუსტრიაში ეფექტიანი კონკურენციის წახალისებისკენ.

აღსანიშნავია, ამ პროცესში საქართველოს ეროვნული ბანკის როლი, რომელიც მისთვის მინიჭებული მანდატის შესაბამისად, საფინანსო სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის ეფექტიან აღსრულებას უზრუნველყოფს.

საქართველოს საგადახდო კანონმდებლობა, რომლის კონცეპტუალურ საფუძველს ევროკავშირის საგადახდო კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია წარმოადგენს, უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საგადახდო სისტემებსა და საგადახდო სქემებზე ობიექტური, პროპორციული და არადისკრიმინაციული წვდომის გარანტირებასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის საგადახდო სფეროში კონკურენციის გაძლიერებას", - ნათქვამია სებ-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ამჟამად American Express-ის ბარათებზე ბაზრის 14.6% მოდის და სულ ამ საგადახდო სისტემის 1.5 მილიონი ბარათი არის საქართველოში გამოშვებული. ბაზრის ლიდერია მასტერქარდი, რომლის 11.3 მილიონი ბარათი არის საქართველოში მოქმედი (წილი 52%), მეორე ადგილს იკავებს Visa 2.9 მილიონი ბარათით (წილი 28%), ხოლო მესამე ადგილზე კი American Express-ია 1.5 მილიონი ბარათით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები