მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ამერიკა, ბრიტანეთი, საფრანგეთი - "ოჯახური" ექსპორტს აფართოებს

ოჯახური

სანელებლების მწარმოებელი კომპანია „ოჯახური“ საექსპორტო არეალს აფართოებს და წელს პროდუქტს საფრანგეთში გაიტანს. ამის შესახებ BM.GE-ს, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სალომე ნეფარიძემ განუცხადა.

კომპანია ბაზარზე 13 წელია ოპერირებს და 90 დასახელების პროდუქტს აწარმოებს.

"ოჯახურის" წარმომადგენლის ინფორმაციით, კომპანიის წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე მსოფლიოს 10-მდე ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, პოლონეთსა და ჩეხეთი გადის.

„საახალწლოდ, კომპანიის წარმოებული პროდუქცია დიდ ბრიტანეთში გავიტანეთ, ასევე ამერიკაში რამდენიმე საექსპორტო აქტივობა განვახორციელეთ. რამდენიმე კვირაში კი, ჩვენი სანელებლები საფრანგეთში უნდა გავიდეს, თავდაპირველად მცირე მოცულობებით.

საფრანგეთში ექსპორტისთვის მზადება მიმდინარეობს და ამ ეტაპზე ეტიკეტირების ნაწილია დაწყებული. 90 დასახელების პროდუქტიდან, 21 სახეობა სწორედ საფრანგეთში გავა, რომელიც მოსინჯვის ეტაპს გაივლის. თითო სახეობა 300-500 ცალამდე იგზავნება.

გარდა ამისა, რამდენიმე ქვეყანასთან გვაქვს მოლაპარაკება, თუმცა კონკრეტულ ბაზრებზე საუბრისგან თავს ვიკავებთ“, - აცხადებს ნეფარიძე.

მისივე ცნობით, კომპანიამ ასორტიმენტში ახალი პროდუქტებიც დაამატა, მათ შორის წითელი, მწვანე და ყვითელი ტყემალი, ასევე სიახლეებია სანელებლებშიც. ადგილობრივ ბაზარს ხინკლის სანელებელი დაემატა, რომელიც რეალიზაციაში ახლახან ჩაეშვა, ამასთან წარმოებაში დაემატა როზმარინი, ხახვის ფანტელი, რძის ფხვნილი.

აღსანიშნავია, რომ სუნელების მწარმოებელი კომპანია ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული 2024" იღებდა მონაწილეობას. ნეფარიძის თქმით, აღნიშნული გამოფენა, რომელიც გამოფენა-გაყიდვის ფორმატით იყო წარმოდგენილი, გაყიდვების კუთხით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მზარდი ტენდენცია კი, ცნობადობის ზრდიდან გამომდინარე წლიდან წლამდე ფიქსირდება.

ცნობისთვის, კომპანია „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების საწარმო 13 წელია ბაზარზეა და ამჟამად 90-მდე დასახელების სუნელს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აწარმოებს მარინადებს, სოუსებსა და ჯემებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.