ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პენტაგონს ბირთვული იარაღის გამოცდების დაუყოვნებლივ განახლება უბრძანა. ამ ნაბიჯით მან 1992 წელს, ამერიკული მხარის მიერ საკუთარი ნებით გამოცხადებული მორატორიუმი დაასრულა. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, მისი გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში ჩინეთისა და რუსეთის მიერ ატომური იარაღის გამოცდების აქტიურად დაწყებამ განაპირობა.
ტრამპმა ინფორმაცია ჩინელ კოლეგასთან მოლაპარაკებების დაწყებამდე გააჟღერა, თუმცა უპასუხოდ დატოვა საკითხი იმის შესახებ, ზუსტად რას გულისხმობს განკარგულება. როგორც ცნობილია, ბირთვული იარაღის გამოცდა არამარტო ბომბების აფეთქებას, არამედ თავად ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტების ფრენის გამოცდასაც მოიცავს. ტრამპმა აღნიშნა, რომ ომის დეპარტამენტი ცდების ჩატარების არეალსა და დროს მოგვიანებით გაასაჯაროებს.
ბირთვული იარაღის გამოცდების განახლების შესახებ განცხადების პარალელურად, ტრამპმა დააანონსა, რომ ჩინეთთან და რუსეთთან ატომური განიარაღების საკითხზეც იმსჯელებს, რაც მიუთითებს, რომ ტრამპის მიზანი მხოლოდ ძალის დემონსტრირება და ახალი “შეიარაღების რბოლის” დაწყება არ არის.
ცნობისთვის, გასულ დღეებში რუსეთმა ბირთვულ ენერგიაზე მომუშავე წყალქვეშა დრონი, Poseidon-ი, ასევე შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტა Burevestnik-ი გამოცადა.
შეგახსენებთ, ბირთვული იარაღის გამოცდა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 1992 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უფროსის მმართველობის დროს შეაჩერა. ამ ნაბიჯით მან მიწისქვეშა ტესტირებები სრულად აკრძალა და საფუძველი დაუდო ბირთვული გამოცდების გაჩერებას გლობალურ დონეზე. სწორედ ბუშის გადაწყვეტილებით შეიქმნა 1996 წლის ყოვლისმომცველი შეთანხმება ატომური გამოცდების აკრძალვაზე, რომელსაც ხელი ჩინეთმა და რუსეთმა, ასევე 69 სხვა ქვეყანამ მოაწერეს.




























