მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბერინგის სრუტის ქვეშ გვირაბის დაპროექტებაზე შეთანხმება გაფორმდა

ბერინგის სრუტე

რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ბერინგის სრუტის ქვეშ დამაკავშირებელი გვირაბის დაპროექტების შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელმა კირილ დიმიტრიევმა განაცხადა, რომ ინიციატივა ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტების სარკინიგზო ქსელების დაკავშირებას ითვალისწინებს.

პროექტი ჩუკოტკასა და ალასკას შორის დაახლოებით 85-კილომეტრიანი წყალქვეშა დერეფნის მშენებლობას მოიცავს.

აღსანიშნავია, რომ ამ გეგმას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც უპასუხა და წინადადებას საინტერესო უწოდა.

საყურადღებოა, რომ დიმიტრიევმა გვირაბის მშენებლობის პროცესში მონაწილეობის მიღება ამერიკელ მილიარდერ ილონ მასკს შესთავაზა. მან განმარტა, რომ The Boring Company-ს ტექნოლოგიების გამოყენებით სამუშაოები რვა წელზე ნაკლებ დროში დასრულდება. მისივე განცხადებით, პროექტის ჯამური ბიუჯეტი $8 მილიარდს არ გადააჭარბებს.

საყურადღებოა, რომ დარგის ექსპერტები კი ამ ხარჯებს სკეპტიკურად აფასებენ. საკონსულტაციო კომპანია InterBering-ის ხელმძღვანელმა ფიოდორ სოლოვიოვმა დიმიტრიევის შეფასებას არარეალური უწოდა. მან განმარტა, რომ თანამდევი ინფრასტრუქტურის აშენების გამო პროექტის ღირებულება $35 მილიარდიდან $70 მილიარდამდე გაიზრდება.

Kept-ის ანალიტიკოსების შეფასებით კი, სამშენებლო სამუშაოების სრული ბიუჯეტი $205 მილიარდს მიაღწევს, ხოლო გვირაბის ექსპლუატაციაში გაშვება 2041 წლამდე ვერ მოხერხდება.

როგორც ირკვევა, პროექტის მთავარი ამოცანა ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას შორის უწყვეტი სახმელეთო სავაჭრო დერეფნის შექმნაა. ახალი ინიციატივა ორ კონტინენტს შორის ტვირთბრუნვის გაზრდასა და ალტერნატიული ლოგისტიკური არტერიის გაჩენას მოემსახურება. თუმცა ამ გეგმის რეალიზებას სრუტის ორივე მხარეს შესაბამისი სატრანსპორტო ქსელის არარსებობა ართულებს.

ინფორმაციისთვის, ალასკაში სარკინიგზო ხაზი მხოლოდ სამხრეთის პორტებსა და ქალაქ ფერბენქსს აკავშირებს, ხოლო სრუტემდე გზა გაყვანილი არ არის. ჩუკოტკის რეგიონში კი რკინიგზა საერთოდ არ ფუნქციონირებს და უახლოესი მაგისტრალური ხაზი იაკუტიის დასახლება ნიჟნი-ბესტიახში წყდება. უშუალოდ სრუტის სანაპირომდე მისაღწევად რუსეთის მხარეს 3,700 კილომეტრზე მეტი სიგრძის ახალი მაგისტრალის გაყვანა დასჭირდება.

საინტერესოა, რომ ბერინგის სრუტის გავლით ორ კონტინენტს შორის სარკინიგზო გვირაბის აშენების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გაჩნდა. გასულ ათწლეულებში მსგავსი პროექტების განხილვა კი მაღალი ფინანსური ხარჯებისა და რთული გეოგრაფიული პირობების გამო მალევე შეჩერდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები