ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და Westinghouse-სს შორის მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა. საუბარია $80-მილიარდიან გარიგებაზე, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკული სექტორის მსხვილი მოთამაშე ახალი ატომური რეაქტორების აშენების პასუხისმგებლობას იღებს. შეთანხმების თანახმად, ამერიკის ხელისუფლება Westinghouse-ზე გამარტივებულ სამშენებლო ნებართვებს გასცემს და ფინანსურ ნაწილზე პასუხისმგებლობასაც თავად აიღებს. არსებული ინფორმაციით, ენერგეტიკული კომპანია თანხის 20%-ს, $17,5 მილიარდს ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღებს. ამასთან, თუ მისი საბაზრო შეფასება 2029 წლის პირველ იანვრამდე $30-მილიარდს გადააჭარბებს, ექნება ატომური რეაქტორების პროექტში 20%-იანი წილის მიღების უფლება.
ენერგეტიკის სექტორის ექსპერტები დადებულ შეთანხმებას ისტორიულს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ $80-მილიარდიანი გარიგება ატომური ენერგიის მიმართულებით ამერიკის გლობალურ ლიდერად აღზევებას მოასწავებს, თუმცა ისინი რისკებზეც საუბრობენ. მათი განმარტებით, მსგავსი ტიპის პროექტები ისტორიულად სერიოზულ გადახარჯვებთან არის დაკავშირებული. ამას ემატება მშენებლობის პროცესის გაჭიანურების საფრთხეც, რაც წარსულში არაერთხელ ქცეულა რეალობად. მაგალითისთვის, ბოლოს აგებული ატომური რეაქტორის მშენებლობის პროცესი დათქმულზე 2 წლით გვიან დასრულდა, ბიუჯეტი კი 2-ჯერ გაიზარდა.
ამერიკის მთავრობაში მოელიან, რომ $80-მილიარდიანი გარიგება ელექტროენერგიის წარმოებას საგრძნობლად გაზრდის და AI ინდუსტრიის გაზრდილ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ცნობისთვის, ენერგეტიკული ინდუსტრიის მსხვილ მოთამაშეს ისეთი ზურგს მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, Brookfield Asset Management-ი და ურანისა და ატომური საწვავის მწარმოებელი კანადური კომპანია Cameco Corp.-ი უმაგრებენ.




























