მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ამერიკელ პარტნიორებთან ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ, როგორც კი აქტიური კომუნიკაციის ინტერესს დავინახავთ" - კობახიძე

ოცნება

„ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება მზადაა ნებისმიერი საკითხი განიხილოს ამერიკელ პარტნიორებთან, მათგან შესაბამისი ინტერესის შემთხვევაში. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"ტვ პირველის" კითხვაზე - რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად, მაშინ როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის გზავნილის მისაღებად ელჩ დანიგანსაც არ ხვდება, კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ამერიკელებისგან შემხვედრი ნაბიჯების მოლოდინშია.

„ჩვენ საჯარო განცხადება გაკეთებული გვაქვს და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. რეალურად საჯაროა ჯანსაღი, სამართლიანი მიდგომა. ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. მაქსიმუმზე გვაქვს გაკეთებული განაცხადი, მაქსიმუმი რა არის - მზად ვართ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან, მთავარია შედგეს კომუნიკაცია... ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან, როგორც კი დავინახავთ აქტიური კომუნიკაციის ინტერესს, უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ, განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა არა ქაღალდზე, როგორც ეს წარსულში იყო, არამედ რეალური დოკუმენტით და გზამკვლევით, ეს ჩვენი ძალიან ცხადი შეთავაზებაა, ერთადერთი, რასაც ამ პირობებში უნდა დაველოდოთ ეს შემხვედრი ნაბიჯია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ტვ პირველმა“ მმართველი პარტიის პრემიერს აშშ-ის ყოფილი ელჩის რობინ დანიგანის მიერ გაცხადებულ ღია წერილზეც ჰკითხა და მისი შინაარსით დაინტერესდა - რა ეწერა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციისთვის მიწერილ წერილში. თუმცა ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გადაყენებული ელჩის ჭორაობაზე განცხადების გაკეთება არასერიოზულია.

„ღია წერილის გაგზავნა რომ გვნდომებოდა, ღია წერილი გაიგზავნებოდა. მეორე, იცით, რომ ქალბატონი რობინი არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩია. გადაყენებული ელჩი რომ ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული. ეს ტყუილია.

საჯარო წერილი რომ ყოფილიყო გავასაჯაროებდით, რაც საჯარო იყო გავასაჯაროვეთ კიდეც. რაც შეეხება გადაყენებული ელჩის ჭორაობას, ამაზე კომენტარი, უადგილოა. დემონსტრაციულად ერთი და იგივე დღეს დააწერინეს გადაყენებაზე ქალბატონ დანიგანს და იმავე დღეს მოგვცეს თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშვნაზე.

ჩვენი მთავარი მოთხოვნა ყველასთვის არის ცნობილი - გვინდა აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან სუფთა ფურცლიდან. ეს არის ყველა წერილის და კომუნიკაციის განცხადებული შინაარსი. წინა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი რამ გააფუჭა, მათ შორის კონკრეტულმა ელჩებმა - დეგნანმა, დანიგანმა გააფუჭეს ბევრი რამ. რეალურად მათ სერიოზული წვლილი შეიტანეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისებრივად გაუარესებაში, აქედან გამომდინარე მათ მორალური უფლება არ აქვთ რაიმეზე ისაუბრონ, როდესაც საქმე ეხება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში იმედი გვაქვს განსხვავებული დამოკიდებულება იქნება მათ შორის ელჩების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ ტრამპის ადმინისტრაციას პირადი წერილი გაუგზავნა, რომელიც, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგანის თქმით, ვაშინგტონში მუქარის შემცველ, შეურაცხმყოფელ და არასერიოზულ გზავნილად აღიქვეს. ამის შესახებ დანიგანმა ივლისის დასაწყისში "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში განაცხადა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები