აშშ-ის მაღალი რანგის დიპლომატი, კრისტოფერ უ. სმიტი, ფარულად ეწვია ბელარუსს, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველი მაღალი დონის ამერიკული შეხვედრაა, რომელიც პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავრობის წარმომადგენელთან შედგა. ეს ვიზიტი, რომელიც აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბარს დაემთხვა, ამერიკა-ბელარუსის ურთიერთობების შესაძლო დათბობაზე მიგვანიშნებს. თუკი ეს მართლაც ასეა, გამოდის, რომ შეერთებულმა შტატებმა საგარეო პოლიტიკას გადახედა, რადგან ავტორიტარული მმართველობის და უკრაინაში რუსეთის ომის მხარდაჭერის გამო ლუკაშენკოს რეჟიმი დასავლეთის მიერ იზოლირებული იყო.
ვიზიტის ფარგლებში, რომლის შესახებ ინფორმაცია The New York Times-მა მოიპოვა, ამერიკელმა დიპლომატმა ბელარუსის ხელისუფლებას სამი პატიმარი გაათავისუფლებინა, მათ შორის ერთი ამერიკელი. გამოცემის ინფორმაციით, მხარეებმა ფართომასშტაბიანი შეთანხმების შესაძლებლობაც განიხილეს, რომლის მიხედვით ალექსანდრ ლუკაშენკო მეტ პოლიტიკურ პატიმარს გაათავისუფლებს, რის სანაცვლოდაც აშშ-ის მიერ ბელორუსისთვის დაწესებული სანქციები შემსუბუქდება. საინტერესოა, რომ ბელარუსი, რომელიც, როგორც წესი, ნებისმიერ დიპლომატიურ წინსვლას ხმაურიანად აღნიშნავს, ამჯერად, დუმს.
რუსეთისგან ბელარუსის დამოკიდებულების შესუსტებას შეერთებული შტატები წლების განმავლობაში ცდილობს, მაგრამ ბელორუსისთვის ამ დრომდე დაწესებულმა სანქციებმა, სარგებელი, საბოლოო ჯამში, მხოლოდ რუსეთს მოუტანა. ანალიტიკოსების აზრით, ბელარუსთან ურთიერთობის ნორმალიზება ამერიკის შეერთებულ შტატებს ბერკეტს მისცემს, რომელსაც მოსკოვის წინააღმდეგ გამოიყენებს. თუმცა კითხვები იმის თაობაზე, თუ რამდენად მზადაა ალექსანდრ ლუკაშენკო რეპრესიების შესამცირებლად და რამდენად მოითმენს კრემლი ბელარუსისა და დასავლეთის შესაძლო დაახლოებას, ჯერაც რეალურია.