ამერიკის შეერთებული შტატების საუნივერსიტეტო სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამართული და მოწინავეა. ამ ლიდერობას, საკუთარი ფასი აქვს, თანაც მსოფლიოს ნომერ პირველი ეკონომიკის მქონე ქვეყნის შემთხვევაში, ფასი საკმაოდ დიდია.
აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების საბაკალავრო პროგრამის დასრულება, სტუდენტს, შესაძლოა, $100,000 დაუჯდეს და ამ რიცხვში, მხოლოდ სწავლის გადასახადი შედის. ამრიგად, ამერიკელთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საუნივერსიტეტო განათლებაში ამხელა ფულის გადახდა არ ღირს. ეს ადამიანები ჯერაც უმცირესობაში არიან, მაგრამ წლებთან ერთად, მათი რიცხვი იზრდება. გამოკითხულთა მხოლოდ 22% მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში სწავლა იმ დროსაც არის გამართლებული, თუ ამისთვის, ადამიანს სასწავლო სესხის აღება უწევს. საპირწონედ ამისა, გამოკითხულთა 29%, ანუ თითქმის მესამედი მიიჩნევს, რომ უნივერსიტეტში სწავლა მის ფასს არ ამართლებს.
თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ამ დროისთვის არსებულ ეკონომიკურ პარამეტრებს თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ის ადამიანები, რომელთაც ბაკალავრის დიპლომი აქვთ, უფრო დიდ ხელფასს იღებენ, უფრო ხშირად მუშაობენ და საბოლოო ჯამში, უფრო დიდი ქონების დაგროვებას ახერხებენ. თუმცა საპირწონედ ამისა, მუდმივად იზრდება საუნივერსიტეტო გადასახადი, რისთვისაც სტუდენტებს სესხების აღება უწევთ, რომელთა საპროცენტო განაკვეთი, არც თუ ისე დაბალია.