მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ამერიკული Aspect საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში $70 მილიონს ჩადებს

3434

საქართველოს ნავთობისა და გაზის კვლევა-მოპოვებით სექტორში ოპერირებას ახალი საერთაშორისო ინვესტორი - ამერიკული კომპანია Aspect Georgia LLC დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, კომპანია კვლევა-მოპოვებითი სამუშაოების დაგეგმვასა და განხორციელებაში 70 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. Aspect Georgia LLC იმ ინვესტორთა ჯგუფს შეუერთდა, რომლებიც აღმოსავლეთ საქართველოში XIQ სალიცენზიო ფართობზე ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს ახორციელებენ.

"Aspect Georgia LLC-ს გადაეცემა სამი კონტრაქტორი კომპანიის - Georgia Oil and Gas Limited-ის, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“და GOG SLADS Limited-ის ერთობლივი პროექტის წილი. აღნიშნულ კონტრაქტორებს შორის XIQ სალიცენზიო ფართობზე „პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულება“ 2021 წლის 23 დეკემბერს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ ჩატარებული ღია საერთაშორისო ტენდერის შედეგად გაფორმდა.

ხელშეკრულებაში ცვლილებას ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტომ,“ მოქმედმა კონტრაქტორმა კომპანიებმა — Georgia Oil and Gas Limited (GOGL), სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, GOG SLADS Limited-მა და ახალმა ინვესტორმა — Aspect Georgia LLC-მ. ხელმოწერის ცერემონიას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ინგა ფხალაძე დაესწრო.

Aspect Georgia LLC რეგისტრირებულია აშშ-ის კოლორადოს შტატში და წარმოადგენს ამერიკული ნავთობმომპოვებელი ჯგუფის — Aspect Holding LLC-ის აფილირებულ კომპანიას. Aspect Holding LLC-ს მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება აქვს ნავთობისა და ბუნებრივი გაზის კვლევა-მოპოვებით საქმიანობაში, მათ შორის რთული გეოლოგიური სტრუქტურების მქონე საბადოებზე. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, ცენტრალურ ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებით ჩინური კომპანიები არიან დაინტერესებულნი. კერძოდ, სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაინტერესდა ჩინეთის სახელმწიფო კომპანია China ZhenHua Oil, რომლის წარმომადგენლებსაც მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. სამინისტროს ცნობითვე, დაინტერესება ასევე გამოხატა Geo-Jade Petroleum Corporation-მა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები