“ოცნების” FARA, იგივე “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი" ერთ პარტიულმა პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო. არასამთავრობო სექტორის შეფასებით, პარლამენტი FARA-ს შემოღებას სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ზედამხედველობისა და კონტროლის მოპოვების კონტექსტში განიხილავს. მესამე სექტორში ხაზგასმის აღნიშნავენ, რომ FARA, რაზედაც მმართველი ძალა ირწმუნება, რომ მის პირდაპირ ანალოგს აინიციირებს, ამერიკაში არასამთავრობო ორგანიზაციების და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება, "ქართულ ოცნებას" კი ამ სვლით სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს.
სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ აშშ-ში FARA არა საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციების დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობას, არამედ მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ძალების აგენტების საქმიანობას არეგულირებს. არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების კონტროლისთვის შეუსაბამო FARA-ს გადმოღება კი "ოცნებას" კანონში გათვალისწინებული მკაცრი სისხლის სამართლებრივი მექანიზმების და მისი პოლიტიკური მოტივებით გამოყენების გამო სურს.
ვის ეხება "ოცნების" FARA ?
“ოცნების” თარგმნილი FARA არ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, არამედ ვრცელდება კერძო კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზეც კი, რომლებიც “უცხოური პრინციპალის” ანუ უცხოური სუბიექტის დავალებებს ასრულებენ, პოლიტიკურად აქტიურობენ ან ინფორმაციის გავრცელებას ახდენენ. კანონპროექტის მიხედვით, აგენტად შეიძლება გამოცხადდნენ ის ბიზნესებიც, რომლებიც არაპირდაპირ უკავშირდებიან უცხოური დაფინანსების წყაროებს, მათ შორისაა საინფორმაციო და საკონსულტაციო კომპანიები.
ნინო ლომჯარია, „საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი:
“ამერიკული ინტერპრეტაციით და ამერიკული პრაქტიკით, დამოუკიდებელ არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებზე FARA არ ვრცელდება. ხოლო თუ ივანიშვილი აპირებს FARA-ს გავრცელებას ყველა ადამიანზე და ჩათვლის, რომ დაფინანსება ნიშნავს, ვიღაცის მითითებების და კონტროლის ქვეშ საქმიანობას, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ რუსული კანონი გადაიფუთა, დამძიმდა და ახლა უკვე უცხოური დაფინანსება ხდება სისხლის სამართლის დანაშაული, თუ შენ არ იტყვი, რომ ხარ უცხო ქვეყნის აგენტი”.
უჩა ნანუაშვილი, „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელი:
“ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება მსგავსი აკრძალვები, შესაბამისად ფიზიკური პირებიც იქნებიან ვალდებულნი გაიარონ რეგისტრაცია აღნიშნულ რეესტრში, თუკი ისინი იღებენ კონკრეტულ თანხებს უცხოეთიდან, უცხოური ორგანიზაციიდან, უცხოური ძალიდან, როგორც კანონით არის განმარტებული, ანუ ყველა ის ვალდებულება, რომელიც აქამდე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე იყო, ვრცელდება ასევე ფიზიკურ პირებზეც, თუკი ისინი იქნებიან მიმღები ამ საერთაშორისო დახმარების”.
გიორგი ბურჯანაძე, იურისტი, კოალიცია „ჩემი ხმა ევროკავშირის“ წევრი:
“აშშ-ში ამ ფართო კანონმდებლობას აზღვევს ადმინისტრაციული სამართალი, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. აზღვევს სასამართლო ხელისუფლება, რომელიც დამოუკიდებელია, რომელიც გამორიცხავს მის ბოროტად გამოყენების რისკებს. იმ პირობებში, როცა ჩვენ სასამართლო არ გვაქვს, მთავარი მუხრუჭი, შემაფერხებელი ფაქტორი არ იარსებებს FARA-ს აღსრულებასთან დაკავშირებით და მისი ბოროტად გამოყენების მასშტაბი უკიდეგანო მასშტაბებამდე შეიძლება წავიდეს”.
კანონის მიღების შემდეგ “ოცნების” FARA-ს აღმასრულებელი რაჟდენ კუპრაშვილის ანტიკორუფციული ბიურო იქნება. პროექტის თანახმად, უცხოურ აგენტად რეგისტრაციას დაავალდებულებენ არა მხოლოდ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, არამედ მეწარმეებს, კორპორაციებს და ფიზიკურ პირებსაც კი, რომლებიც იღებენ უცხოეთიდან თანხებს, უცხოურ დაფინანსებას და ერთვებიან საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ ინფორმაციულ საქმიანობაში.
სანქცია ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ ისე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კანონის დაუმორჩილებლობა ისჯება ჯარიმით არაუმეტეს 10 000 ლარის ოდენობით, ან თავისუფლების აღკვეთით არაუმეტეს ხუთი წლის ვადით. თუ ანტიკორუფციული ბიურო ჩათვლის საჭიროდ, შესაძლოა ჯარიმასთან ერთად “გაუმჭირვალობა” ფიზიკურ პირებსა და ორგანიზაციებს თავისუფლების აღკვეთადაც დაუჯდეთ.